ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ირწმუნება, რომ ის არავის ეჯიბრება და თბილისელების თანადგომითა და მხარდაჭერით ბედნიერია. მისივე თქმით, მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს აქვს რეალური შესაძლებლობა, გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს.

"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ მე არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობა ჩემ მიმართ და ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ურთიერთობა, რომელიც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან. უამრავი შეხვედრა მქონდა ყველა რაიონში, წლების განმავლობაში არ გამიწყვეტია ეს კომუნიკაცია ადამიანებთან. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის მის მიმართ საზოგადოების განწყობა და არსებული დამოკიდებულება მნიშვნელოვანია.

ბედნიერი ვარ, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი თანადგომა და მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიყვარული და კეთილგანწყობა, რაც მოდის მოსახლეობისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული, გაკეთებული საქმეებით, რითაც ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები იამაყებენ", — განაცხადა კალაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 88%-ს საქართველოს პატრიარქი მოსწონს, 58%-ს — თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, 56%-ს კი ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.

გაიგე მეტი: