სამართლიანი არჩევნები (ISFED) მიიჩნევს, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება, როგორც პარტიებს შორის კონსენსუსის გამოხატულება, კანდიდატების მრავალპარტიულ მხარდაჭერაში უნდა ასახულიყო. ISFED ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილი ორი კანდიდატიდან მხარს არცერთს არ უჭერდა და აცხადებდა, რომ მათ მოთხოვნებს არცერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების მაღალი ლეგიტიმაციითა და მრავალპარტიული მხარდაჭერით არჩევას მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

"სამწუხაროდ, ვერც პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიისა (თავმჯდომარეობის კანდიდატის შემთხვევაში) და ვერც პარლამენტში მიმდინარე განხილვის ეტაპზე, ვერ მოხერხდა იმგვარი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში მაღალი ნდობა ექნებოდათ. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობას უკავშირდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კვლავ გადაუჭრელია", — აცხადებს ISFED.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტმა მეოთხე ცდაზე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. კალანდარიშვილმა სამის წინააღმდეგ 83 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ კანდიდატებმა კენჭისყრაზე დეპუტატების ხმების 2/3 (100 ხმა) ორჯერ ვერ მიიღეს. უშედეგოდ დამთავრდა მესამე კენჭისყრაც, რომელზეც პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერა იყო საჭირო.

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები იყო წარდგენილი.

დღესვე კენჭი ეყარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს გია ცაცაშვილს, ლელა ტალიურს, თამარ სართანიას და მაია ზარიძეს. მათგან პარლამენტის მხარდაჭერა გია ცაცაშვილმა (81 ხმით) და მაია ზარიძემ (81 ხმით) მოიპოვეს.

საარჩევნო კოდექსის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.

გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელია. მას 2019 წლიდან ცესკოში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოს წევრის პოზიცია უკავია.

კალანდარიშვილმა სკოლა ქუთაისში 2001 წელს დაამთავრა. სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკისა და ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტებზე. 2004 წელს სტაჟირება გაიარა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. მისი თქმით, რამდენიმე თვით გაემგზავრა ბრიტანეთში სასწავლო კურსებზე.

2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, ხოლო 2008 წელს მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, რის საფუძველზეც ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. იყო ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსიც და 2011 წელს ჩამოყალიბებული ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.

2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. 2021 წელს კი დაინიშნა ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2021 წლის 8 აპრილიდან დღემდე კი იკავებს ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.