შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი "მისი მეგობარია და ცუდს ვერ იტყვის". ასე პასუხობს ის წულუკიანის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას — ჩაიდინა თუ არა თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული?

"თეა ჩემი ახლობელია, ჩემი მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც გვიჭირდა ძალოვან უწყებებს, მახსოვს, მისი განცხადებები იყო ჩვენი მხარდამჭერი", — განაცხადა გომელაურმა.

ეს გომელაურის პირველი განცხადება იყო მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიაში მისვლამდე მიიღო და აუცილებლად გაერკვეოდა.

კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას სენაკის თეატრში მიკროფონი წაართვა და ამ დრომდე არ უბრუნებს. ჟურნალისტმა პოლიციას იმავე დღეს გამოუძახა. მისი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საქმე მათი, არამედ კრიმინალური პოლიციის კომპეტენცია იყო და წავიდნენ.

23 ივლისს მთავარმა არხმა პროკურატურასაც მიმართა. არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ეს არის ძალიან სახიფათო და პირდაპირი სიგნალი, რომ მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა იწყება.

25 ივლისს სვანეთში მყოფმა კულტურის მინისტრმა ემა გოგოხია სვანეთში მიიპატიჟა და განაცხადა, რომ არხის კუთვნილ მიკროფონს სწორედ აქ დაუბრუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტი მიკროფონს სამ ოქტომბრამდე ვერ მიიღებს.