შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების საქმეზე მკვლელობის ვერსია "99%-ით გამოირიცხა". მისი მტკიცებით, გარდაცვლილი ბლოგერის გადმოხტომის მოწმეები ჰყავთ.

"გვყავს თვითმხილველები მისი გადმოხტომის — თუ აიძულეს, რომ მანდამდე მიეყვანათ, გამოძიება მიდის. ის რომ ვიღაცამ გადმოაგდო და მოკლა — ეს 99%-ით გამოირიცხა. იძულება, რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს. გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს", — ამბობს გომელაური.

კითხვაზე: განიხილავს, თუ არა გამოძიება ბაკიხანოვის გარდაცვალებაში აზერბაიჯანული მხარის ჩართულობას, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ამაზე მუხთარლიმაც ისაუბა, გომელაური პასუხობს, რომ:

"აფგან მუხთარლის ძალიან ბევრი ზღაპრები გვახსოვს. მის განცხადებებზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ".

29 ივლისს, გვიან ღამით, აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მიგრანტი, ჰუსეინ ბაკიხანოვი, თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. მუხთარლი წერდა, რომ ბაკიხანოვი იმ მაღალსართულიანი შენობიდან გადმოაგდეს, სადაც ის ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით, ჰუსეინს აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა, ამიტომ ბოლო პერიოდში ის თბილისში ცხოვრობდა და თავშესაფარს ითხოვდა. On.ge-სთან საუბრისას მუხთარლიმ განმარტა, რომ გარდაცვლილის ცხედარი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, Rooms Hotel-ის წინ ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევა 14 ივლისს მოხდა. ეს სასტუმრო აჭარა ჯგუფის საკუთრებაა. 30 ივლისს ომბუდსმენის აპარატმა მისი გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო.