სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ორგანიზაციასა და მის დამკვირვებლებზე ზეწოლა.

"1 აგვისტოს, ხობში, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორგანიზაციის გრძელვადიან დამკვირვებელს, რომელიც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენას უწევდა მონიტორინგს. ბერაიამ ორგანიზაციის დამკვირვებელს "მატყუარა" უწოდა და "გამყალბებელი", "ქვეყნის გადამტრიალებელი" და "ნაციონალებთან [ენმ] შეკრული" ორგანიზაციის წარმომადგენლად მოიხსენია.

29 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მკვლევარებთან გამართულ შეხვედრაზე სამართლიან არჩევნებს "დაბალი სტანდარტის მქონე" სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შეხვედრას სამართლიანი არჩევნების გრძელვადიანი წარმომადგენელიც ესწრებოდა.

მმართველი პარტიის წევრები ბოლო თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ცდილობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვასა და მათი პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენებას, განსაკუთრებით კი, სამართლიანი არჩევნების საქმიანობის დელეგიტიმაციას, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მასშტაბურ სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს", — აცხადებს ორგანიზაცია.

სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად მმართველი პარტია ყველა შესაძლებლობას იყენებს, მათ შორისაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მანდატიც.

"აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიის მიკერძოებული დასკვნებით, პრო სახელისუფლებო ტელეარხებზე შეინიშნება საინფორმაციო კამპანია ორგანიზაციის წინააღმდეგ, რასაც ემატება მმართველი პარტიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ორგანიზაციის საქმიანობის წინააღმდეგ გამოქვეყნებული და დასპონსორებული პოსტი. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ თითქმის ყველა საჯარო პლატფორმაზე აქტიურად ხდება ორგანიზაციის წინააღმდეგ აგრესიული, მადისკრედირებელი მოსაზრებების გავრცელება", — ამბობენ ისინი.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების აგრესიული რიტორიკა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე ინდივიდუალური თავდასხმები საგანგაშოა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ზეწოლასა და მისი საქმიანობისთვის ხელშეშლას წარმოადგენს, ეს ყოველივე კი ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებსა და ღირებულებებს.