შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები არ არის ოფიციალური, მსგავსი შეუძლია, "მილიონობით გააკეთოს და გამოდოს".

"ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა, ვის აბარებს ანგარიშს, მე არ ვიცი, რა გამოვიდა და რაზეც გააკეთეს განცხადება. რა დოკუმენტია, უკაცრავად? ეგეთ დოკუმენტს, შემიძლია, მილიონობით დოკუმენტი გავაკეთო და გამოვდო, ეს არ არის ოფიციალური", — განაცხადა მან.

გაიგე მეტი:

მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოიპოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული.

სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ უწყებაში აქვთ ინფორმაცია ხსნებული საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ეს ყველაფერი აღწერილია უწყების დოკუმენტში. ისევე, როგორც ჟურნალისტების სატელეფონო ზარები სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან. გვარამია ამბობს, რომ ეს ჩანაწერები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.

On.ge დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გასარკვევად, რა რეაგირება ექნებათ ამ ინფორმაციაზე. უწყებაში თქვეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი, GDI-ს დამფუძნებელი, გიორგი მშვენიერაძე და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, გურო იმნაძე ადასტურებენ, რომ გვარამიას გამოქვეყნებულ ჩანაწერებში აღწერილი დიალოგი შედგა.