მწერალთა სახლის განცხადებით, კონკურსში მონაწილე 110 წიგნიდან 94 მოხსნილია და ამ პირობებში, წლევანდელი ლიტერატურული პრემია ლიტერას ჩატარება შეუძლებელია. მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ მომავალი წლისთვის სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალს იპოვის და ლიტერატურული კონკურსის ჩატარებას შეძლებენ.

ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს და აქამდე პრემიის ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა. სახელმწიფო პრემიის ჟიურიში კულტურის სამინისტრომ წელს პირველად დანიშნა თავისი წარმომადგენელი, იოსებ ჭუმბურიძე. ამისთვის დებულებაში ცვლილებები ცოტა ხნის წინ შევიდა.

"მწერალთა სახლი ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია", — წერია მწერალთა სახლის განცხადებაში.

ჭუმბურიძის უკან გაწვევა კულტურის სამინისტროს იმავე დღეს საჯაროდაც მოსთხოვა მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ და ლიტერაში მონაწილე ავტორების, დიზაინერების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ნაწილმა.

ლიტერას მიმართ პროტესტის მიზეზი თავდაპირველად თეა წულუკიანის ქმედებები იყო და შესაბამისად, ისინი კულტურის სამინისტროს და მის კონკურსს უცხადებდნენ ბოიკოტს. ხოლო მას შემდეგ, რაც ლიტერას ჟიურიში კულტურის სამინისტრომ წევრი დანიშნა, კონკურსი მონაწილეთა უმრავლესობამ დატოვა.

"არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის ლიტერას ჩატარება. მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის", — წერია მწერალთა სახლის განცხადებაში.

წინა კვირაში ლიტერას ჟიური ასევე დატოვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ოთხივე წევრმა და ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე დარჩა. კულტურის სამინისტრო კითხვას, აპირებს თუ არა დანიშნული ჟიურის წევრის გაწვევას, არ პასუხობდა, თავად ჭუმბურიძე კი აცხადებდა, რომ "ჟიურიში რჩებოდა".