ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი გამორჩეული სახე ბრიტანელი წყალში მხტომელი ტომ დეილია, რომელმაც ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ერთად ხალხის სიყვარულიც მოიპოვა.

ტომმა მეწყვილესთან ერთად ოქროს მედალი 10 მეტრის სიმაღლის ტრამპლინიდან ხტომაში მიიღო. ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამარჯვების შემდეგ დასამახსოვრებელი სიტყვის გარდა, საზოგადოების ყურადღება იმითაც მიიქცია, რომ სხვების ასპარეზობის საყურებლად ყაისნაღით მივიდა. ქსოვაში გართული ტომ დეილის ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

ფოტო: BBC

სპორტსმენს საკუთარი ჰობი აშკარად განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს, რადგან ოლიმპიურ თამაშებზე დღესაც საქსოვით გამოჩნდა. როგორც ჩანს, ტომი ახალ და საინტერესო პროექტზე მუშაობს. იმედი გვაქვს, პროექტს დასრულებული სახით სულ მალე ვიხილავთ.

სხვათა შორის, დეილიმ, რომელმაც ტოკიოს თამაშებზე პირველობა მოიპოვა, ცოტა ხნის წინ თავის ოქროს მედალსაც მოუქსოვა ჩასადები პაწაწინა ჩანთა. როგორც ჩანს, ქსოვა დიდი ხანია, ტომის ჰობია და ამ გატაცებას სპორტსმენმა ინსტაგრამგვერდიც კი მიუძღვნა, სადაც გამომწერებს თავისი ნაქსოვი ნივთების ფოტოებს უზიარებს.

"ქსოვის და ყაისნაღის გამოყენების სწავლა დიდად დამეხმარა ოლიმპიადის განმავლობაში, ჩვენ კი ოქროს მედალიც მოვიგეთ", — დაწერა დეილიმ გამარჯვების შემდეგ.

თუმცა, დეილი წლევანდელ ოლიმპიადაზე ყურადღების ცენტრში მხოლოდ ოქროს მოგებით ან ქსოვით არ მოქცეულა. გამარჯვების შემდეგ მის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ ინტერნეტში ასევე დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ფოტო: Socrates / Twitter

"საოცრად ვამაყობ, რომ ვარ გეი და ასევე ვარ ოლიმპიური ჩემპიონი", — განაცხადა ტომმა, — "როცა პატარა ვიყავი, არასდროს მეგონა, რომ, იმის გამო, ვინც ვიყავი, ამას მივაღწევდი. ახლა, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია.

"ვიმედოვნებ, ყველა ახალგაზრდა ლგბტქ ადამიანი დაინახავს, რომ, მიუხედავად იმისა, რამდენად მარტოსულად გრძნობ ახლა თავს, მარტო არ ხარ. ყველაფრის მიღწევა შეგიძლია".

დეილისთვის ეს მეოთხე ოლიმპიადა, თუმცა, პირველი ოქროს მედალია. მან ბრინჯაოს მედლების მოპოვება 2012 და 2016 წლებში შეძლო ლონდონისა და რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

ამავე თემაზე: