ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურო აშშ-ის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას არ ურჩევს. ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, მიზეზად კორონავირუსის პანდემიის გარდა, ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ძალადობრივი ან ორგანიზებული დანაშაულებია მოყვანილი.

"ქვეყნის რეგიონებში ძალადობრივი ან ორგანიზებული დანაშაულები ფართოდ არის გავრცელებული. ადგილობრივ სამართალდამცავებს შეიძლება სერიოზულ დანაშაულზე რეაგირების მოხდენის შეზღუდული უნარი ჰქონდეთ", — ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: სქრინოშოტი/travel.state.gov

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე, ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური ეკონომიკური, რელიგიური და/ან ეთნიკური არასტაბილურობა არსებობს, რამაც შეიძლება ძალადობა, სერიოზული დარღვევები და/ან უსაფრთხოების რისკები გამოიწვიოს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის რეკომენდაციასაც არ აძლევს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსგან განსხვავებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანსა და სომხეთში მოგზაურობისას მხოლოდ ჩვეულებრივი სიფრთხილის ზომების გამოჩენას ურჩევს.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, პირველ რიგში, კოვიდ შეზღუდვებს უკავშირდება, შემდეგ კი ოკუპირებულ ტერიტორიებს. რაც შეეხება კრიმინალს, თურნავა ამბობს, რომ ერთეული სამწუხარო შემთხვევები ყველგან ხდება.

"რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შემთხვევას, პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ასე რჩება. ასეც განგვიხილავენ ტურისტები. ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები, სამწუხაროდ, არ გამოირიცხება საქართველოში, არამედ ევროპის ყველა ქვეყნის დედაქალაქში ხდება დროდადრო. მთავარია, რომ დროულად ხდება ამაზე რეაგირება და დაგმობილია ჩვენგან, იმიტომ, რომ აღარაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენ სტუმართმოყვარ იმიჯს და ასეც იქნება", — განაცხადა თურნავამ.

5-6 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების პირებზე მომხდარი თავდასხსმის შემდეგ ბევრი საუბრობს, რომ საქართველოში უსაფრთხოების განცდა დაკარგეს.

აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.

31 აგვისტოს მომხდარმა შემთხვევამ კი საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაშფოთა. სამი დღის წინ მთაწმინდის ფერდობზე ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუქის ცხედარი იპოვეს. შანაე ბრუქის მეგობრები Facebook-ზე წერდნენ, რომ ის 30 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან, მთაწმინდის რაიონში სეირნობის შემდეგ დაიკარგა. ბრუქის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, შანაე ბოლოს ტელეფონზე მეგობარს ელაპარაკებოდა, როდესაც მას მოულოდნელად თავს დაესხნენ, ის კი დახმარებისთვის ყვიროდა.