თბილისის ციფრული სივრცე 1 აგვისტოდან 10 აგვისტომდე ვაქცინირებულ სტუმრებს 25-პროცენტიან ფასდაკლებას შესთავაზებს. როგორც სივრცის ფეისბუქგვერდზე ვიგებთ, შეთავაზება ნებისმიერი კატეგორიის ბილეთს ეხება, მთავარია, სტუმარმა ერთჯერადი აცრის დამადასტურებელ ფურცელთან ერთად, პირადობის დამადასტურებელი რაიმე საბუთიც წარადგინოს.

თბილისის ციფრული სივრცე საქართველოში ციფრული ხელოვნების პირველი მუზეუმია, რომელიც დამთვალიერებელს "რეალობიდან გაქცევისა და უსაზღვრო სამყაროს შეგრძნების" შესაძლებლობას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროცესის წამახალისებელი კამპანიები ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო.

მაგალითად, თანამშრომლებში აცრის პროცესის ინტენსიურად დასაწყებად თიბისის კამპანია რამდენიმე საინტერესო შეთავაზებას მოიცავს: აცრის ჩატარების დღე პერსონალისათვის ცხადდება უქმედ, პირველი 3 ფილიალი, რომელთა თანამშრომლების 80%-ზე მეტი 1 სექტემბრამდე აიცრება, დასაჩუქრდება შაბათ-კვირას ქალაქგარეთ დასვენების ტურით, ხოლო 29 ივლისიდან 1 სექტემბრამდე ვაქცინირებულ ყველა თიბისელს გადაეცემა თიბისის ბრენდ მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერი ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსის დაფინანსება.

სადაზღვევო კომპანია ირაო თანამშრომელს, რომელიც აცრას გადაწყვეტს, დასვენების ორ დღეს ან ფულად პრემიას სთავაზობს.

ბარი ამბავი კი ამიერიდან მხოლოდ ვაქცინირებულ სტუმრებს მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ, მაღაზია Zoommer-ის წინ აცრისკენ მოწოდების აქცია "გამართა" ლეპტოპმაც.

მსგავსი კამპანიები მიმდინარეობს უცხოეთშიც. მაგალითად, Google და Facebook თანამშრომლებს ვაქცინაციას დაავალდებულებენ, იტალიაში კი მასობრივი თავშეყრის ობიექტებზე მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაიშვებიან.

ფოტო: perspectives.esmo.org

1-ლი აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 1 319, ხოლო გარდაიცვალა 33 ადამიანი.

ამ დროისათვის ჩვენს ქვეყანაში 495 381 მოქალაქე არის აცრილი.