ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ძალაში დარჩება და კვლავ იქნება ერთგვარი გზამკვლევი საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის.

"ამ შეთანხმების იდეა და ღირებულება ის იყო, რომ პარტიები ამაზე ერთად შეთანხმდნენ და პირობა დადეს, რომ ამ რეფორმებს გაატარებდნენ. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება კვლავ იქნება ის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც პარტიები გააგრძელებენ ერთად მუშაობას. საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები, რომელსაც დაიცავს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერი. იმედი მაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და კვლავ იქნება ერთგვარი გზამკვლევი საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის, მასზე ხელმომწერი მხარეები კი შეასრულებენ იმ პირობებს, რომელთა შესრულების პირობაც დადეს. ვფიქრობ ნაადრევია სანქციებზე საუბარი, ვიდრე შეთანხმების შესრულების ყველა შანსი არ ამოიწურება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მათ, ვინც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, ასე მოიქცნენ და ვინც ხელი მოაწერა, პირობა შეასრულონ", — აცხადებს დეგნანი. [ფორმულას თარგმანი]

მისივე თქმით, ყველა განცხადება, მათ შორის აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული, საუბრობს იმაზე, თუ რამდენად იმედგაცრუებულები არიან საქართველოს მეგობრები ქართული ოცნების გადაწყვეტილებით.

"ყველა განცხადება, რომელიც აქამდე წავიკითხე, მათ შორის ჩვენი განცხადებაც, იმაზე საუბრობს, თუ რამდენად იმედგაცრუებულები არიან საქართველოს მეგობრები ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო გასულიყო შეთანხმებიდან. ეს არის საუკეთესო საგზაო რუკა იმ რეფორმებისთვის, რომელთა გატარებაც ქვეყანას სჭირდება, რომელზეც საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა", — ამბობს დეგნანი.

28 ივლისს "ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული. ეს დოკუმენტი ხუთ პუნქტს მოიცავდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი დათქმა იყო — თუ მმართველმა პარტიამ პირობა დადო, თუ არჩევნებზე ამ მაჩვენებელზე ნაკლებს აიღებდა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა, რასაც ოპოზიცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ ითხოვს. დოკუმენტის ანულირების მთავარი მოტივი კი ამ პირობის დარღვევა აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადებას ხელი უნდა მოაწეროს. თუმცა, ენმ-ის მიერ ხელმოწერის საჭიროებაზე მანამდეც კეთდებოდა განცხადებები.