ლიტერას კონკურსის ჟიურიში დარჩენილი ერთადერთი წევრი, იოსებ ჭუმბურიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, მოუწოდებს, რომ ლიტერატურული კონკურსი სსიპ შემოქმედებითმა საქართველომ ჩაატაროს, რომლის დირექტორი ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანია.

"...და არა ლიტერატურისაგან შორს მდგომმა, პარტიულად ანგაჟირებულმა, სააკაშვილისაგან მართულმა აქტივისტმა, რომელმაც მწერალთა სახლის სხდომათა დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები ჩამოხსნა", — დასძენს ჭუმბურიძე.

"შესაძლოა, ცუდად ვიქცევი; შესაძლოა, ეს ჯერ პირადად უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა რევერანსების დრო არ არის! ცილისმწამებელთა დოღი უნდა დასრულდეს", — წერს ლიტერას ჟიურის ერთადერთი წევრი.

ფოტო: Facebook

როგორც ორგანიზაციის ვებგვერდიდან ვიგებთ, სსიპ შემოქმედებითი საქართველო ასევე სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. შემოქმედებითი საქართველო "შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელშემწყობი გარემოს" შესაქმნელად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს და აქამდე პრემიის ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა. სახელმწიფო პრემიის ჟიურიში წელს პირველად დანიშნა კულტურის სამინისტრომ თავისი წარმომადგენელი. ამისთვის დებულებაში ცვლილებები ცოტა ხნის წინ შევიდა.

წლევანდელი კონკურსი უკვე არაერთმა ნომინანტმა დატოვა. თავდაპირველად ხელოვანები თეა წულუკიანის ქმედებებს და შესაბამისად, კულტურის სამინისტროს და მის კონკურსს უცხადებდნენ ბოიკოტს, ხოლო მას შემდეგ, რაც ლიტერას ჟიურიში კულტურის სამინისტრომ წევრი დანიშნა, კონკურსი 10-ზე მეტმა ხელოვანმა დატოვა, მათ შორის, მოიხსნა გამომცემლობა ინტელექტის ყველა წიგნი.

ჟიურის 5 წევრიდან 4 მწერალთა სახლმა დანიშნა. ოთხივე მათგანმა, რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა, ოქტაი ქაზუმოვმა და ბელა წიფურიამ ჟიური დატოვა.

On.ge-ის კითხვაზე პასუხად, აპირებს თუ არა ჟიურიში დარჩენილი ერთადერთი წევრის, იოსებ ჭუმბურიძის გაწვევას, კულტურის სამინისტრო აცხადებს რომ "კონკურსის ჩატარება არ არის სამინისტროს უფლებამოსილება და ეს სრულად მწერალთა სახლის პასუხისმგებლობაა".

თავად ჭუმბურიძემ განაცხადა, რომ მისთვის "აუხსნელია, გაუგებარია" და კანდიდატურას ჟიურის პოსტზე არ ხსნის.

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო კი ამბობს, რომ აქამდე პრემიის ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ:

"არ გაგვაჩნია რაიმე სახის იურიდიული ბერკეტი ამის შესაცვლელად, თუმცა ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჟიურის თითოეული წევრი კვლავაც შეირჩეს დამოუკიდებლად, რათა მათ ყოველგვარი წნეხის გარეშე, თავისუფლად გააგრძელონ მუშაობა და ლიტერატურულ პროცესში წვლილის შეტანა".

ასევე იხილეთ: