ოლიმპიური სოფლის დატოვების გამო, ქართველ სპორტსმენებს, ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს, აკრედიტაცია ჩამოერთვათ.

ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენებისთვის გამოყოფილი ადგილის დატოვება ტოკიოს თამაშებზე მოქმედი კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე იკრძალება. ამასთან, იაპონიამ დედაქალაქში დაინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა.

"აკრედიტაცია ჩამოვართვით, რადგან, ვფიქრობთ, რომ სპორტსმენების მიერ ოლიმპიური სოფლის დატოვება ქალაქის მოსანახულებლად ისეთი რამაა, რაც არ უნდა მოხდეს", — განაცხადა 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ტოკიოს თამაშების წარმომადგენელმა, მასანორი ტაკაიამ.

მოგვიანებით, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ორ ძიუდოისტი ოლიმპიადაზე აღარ დაიშვებოდა. კომიტეტის განცხადებით, იმ დროისათვის მათ უკვე დატოვებული ჰქონდათ იაპონია, რადგან წესების თანახმად, ასპარეზობის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში სპორტსმენმა ქვეყანა უნდა დატოვოს.

ფრანს-პრესთან საუბარში ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მარგველაშვილი და შავდათუაშვილი ოლიმპიური სოფლიდან "ერთი კარგი ნაცნობის" სანახავად იყვნენ გასულები.

"დატოვებისას ისინი არავის შეუჩერებია, ამიტომ იფიქრეს, რომ გარეთ გასვლა შეეძლოთ. დაძაბული დღის და მკაცრი კარანტინის რეჟიმის შემდეგ, მათ, უბრალოდ სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა და ცოტა დასვენება უნდოდათ".

თუმცა, იაპონური მედია იტყობინებოდა, რომ ორი ქართველი სპორტსმენი ტოკიოს სატელევიზიო ანძასთან იღებდა ფოტოებს.

მარგველაშვილმა და შავდათუაშვილმა წლევანდელ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ჯამში საქართველოს ანგარიშზე ამ დროისათვის ხუთი ოლიმპიური მედალი: ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო ირიცხება.