ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუქსის გარდაცვალების საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ. სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით", — აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

31 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე, შანაე ბრუქსი მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს.

შანაე ბრუქსის მეგობრები Facebook-ზე წერდნენ, რომ ის 30 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან, მთაწმინდის რაიონში სეირნობის შემდეგ დაიკარგა. ბრუქსის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, შანაე ბოლოს ტელეფონზე მეგობარს ელაპარაკებოდა, როდესაც მას მოულოდნელად თავს დაესხნენ, ის კი დახმარებისთვის ყვიროდა.