შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მთაწმინდის ფერდობზე ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუქის ცხედარი იპოვეს. შსს-ს განცხადებით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. მათივე თქმით, ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიება ტარდება.

"უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე, ძებნის ოპერაციაში ჩართული იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

დღეს, 31 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე, შანაე ბრუქი მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს.

შანაე ბრუქის მეგობრები Facebook-ზე წერდნენ, რომ ის 30 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან, მთაწმინდის რაიონში სეირნობის შემდეგ დაიკარგა. ბრუქის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, შანაე ბოლოს ტელეფონზე მეგობარს ელაპარაკებოდა, როდესაც მას მოულოდნელად თავს დაესხნენ, ის კი დახმარებისთვის ყვიროდა.