პარტია საქართველოსთვის თავმჯომარე და ქართული ოცნების ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ის ქართული ოცნების ნაწილი იყო და წარსულზე ერთი სიტყვა არ გადაუბრუნდება. გახარიას თქმით, კარგი იყო თუ ცუდი, ის მისი ნაწილია.

"მეც ოცნების ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება ჩემს წარსულზე, რაღაც აუგი ვთქვა, რადგან კარგი თუ იყო და ცუდი რაც იყო — ჩემი ნაწილია ხომ? მომავალში შეიძლება ბევრი დისკუსია გვქონდეს და მომავალში ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ ასე წარსულზე...ჩემთვის ეს მიუღებელია! ვთვლი, რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაინც ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და ღირსება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფასეულობა და კრიტერიუმი", — განაცხადა გახარიამ ხარაგაულში პარტიის ახალი ოფისის გახსნისას.

მისივე თქმით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ემსგავსება და მის მიერ პარტიის დატოვების მიზეზი სწორედ ეს გახდა.