ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიის კიევიდან დაფინანსების მკაფიო ნიშნები იკვეთება. თუმცა, ის წყაროებს და ფაქტებს კვლავ ვერ ასახელებს და ისევ თებერვალში გახარიას პრემიერმინისტრობიდან გადადგომას უკავშირებს.

"ეს ყველაფერი უკავშირდება იმ მოვლენებს, რაც განვითარდა საქართველოში თებერვალში. იქაც გვაქვს ლოგიკური დასკვნები ჩვენ ინფორმაციაზე დაფუძნებით. ლოგიკური დასკვნები ძალიან კარგად უკავშირდება დაფინანსების წყაროებსაც [...] მარტივი კითხვა მინდა დავსვა — აქამდე ხომ გასწევს ეს პარტია ხარჯებს? ოფისები აქვთ, რეკლამაში ფულს ხარჯავენ, ფეისბუკზე არეკლამებენ და ა.შ. საკმაოდ დიდი ფული იხარჯება. თქვენ იცით ვინ არის ამის დამფინანსებელი? [...] მათ აქვთ დეკლარირებული მაგალითად, რომ პარტიაში ფულის შემტანები არიან მათივე დეპუტატები, რაც ღიმილის მომგვრელია [...] ყველასთვის ნათელია, რომ რეალურად დაფინანსების წყარო აბსოლუტურად სხვა არის. ფული აქვთ, რაც ვერ იქნება რამდენიმე ადამიანის, პოლიტიკოსის მხრიდან. ყველას შეუძლია დაფიქრდეს, ვინ არის ეს წყარო. ჩვენ გარკვეული ინფორმაცია გვაქვს და რაღაც მომენტში ამის გასაჯაროებაც არ იქნება ცუდი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

კითხვაზე, ფინანსური ნაკადები კიევიდან მოდის? კობახიძემ უპასუხა — "როგორც ამბობენ ხოლმე "თბილა“, ცნობილი თამაშიდან. შეიძლება "ცხელა“ კიდეც. ნიშნები ამის მკაფიოდ არის!“

თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხმა დაკარგა აქტუალობა, რადგან გახარიას ერთადერთი მისია ჰქონდა — ქართული ოცნება 43%-ს რამენაირად დახლოვებოდა და ახლა როცა ეს 43% გაქრა, მის არჩევნებში მონაწილეობას აზრი აღარა აქვს და შესაბამისად, დაფინანსების საკითხიც აღარ არის აქტუალური.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა. როგორც განმარტა, ის მელიას დამნაშავედ თვლის, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის აქტივი და თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო შეკრებილი, მისი დაკავება იმ მომენტსა და ვითარებაში დაპირისპირების საფუძველი გახდებოდა. მისივე თქმით, გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. ქართულმა ოცნებამ და პირადად ირაკლი კობახიძემ კი მოგვიანებით მისი გადადგომა სააკაშვილთან გარიგებად შეაფასეს. კობახიძის თქმით, თებერვალში ენმ-ს "ხელისუფლების აყირავება" სურდა, ეს გახარიას არ უთხრეს, რადგან მასზე ეჭვი ჰქონდათ.