კლუბი Sphere, სადაც Phase Fatale-ს უნდა დაეკრა, მუსიკოსის ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. Sphere-ში აცხადებენ, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა მიწვეულ არტისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც, დაცვამ ორივე მათგანი გააძევა კლუბიდან. მათი ინფორმაციით, მუსიკოსს ფიზიკურად არა კლუბში, არამედ მის გარეთ გაუსწორდნენ.

Sphere-ის განცხადებაში არაფერია ნათქვამი მუსიკოსის ბრალდებაზე, რომ თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე კლუბის დაცვის წევრი იყო. განცხადების თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ინციდენტში მონაწილე დაცვის ყველა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა შემდეგ განცხადება ჩასწორდა და ეს ნაწილი ტექსტიდან ამოიღეს.

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, იმისათვის რათა ბოროტმოქმედი იქნეს დასჯილი. ცალსახაა, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არტისტების, მომსახურე პერსონალისა და სტუმრების უსაფრთხოებაა. ვგმობთ ჰომოფობიასა და ნებისმიერი სახის შევიწროებას და იგივეს ვითხოვთ თითოეული სტუმრისაგან", — ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს უცხოელმა მუსიკოსმა, Phase Fatale-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნე. მისი თქმით, თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე იმ კლუბის დაცვის წევრი იყო, სადაც მას უნდა დაეკრა.