დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ, აშშ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

"ახლა ის დროა, რომ ამერიკის დროშა უფრო აქტიურად უნდა გამოჩნდეს ამ მოლაპარაკებების და ამ სამუშაო პროცესში", — განაცხადა ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მოლაპარაკებების მართვა აშშ-მ უნდა აიღოს ხელში, ვაშაძემ ასე უპასუხა:

"მე ასე ვფიქრობ, დიახ. მე ვფიქრობ, რომ ეს ის მომენტია, როცა ამერიკა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, ამ პროცესის გადაჭრაში. ვფიქრობ, რომ ასეც იქნება, განცხადებები და კომუნიკაციები ამას მოასწავლებს".

იქამდე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასთან არ ჭრის რბილი ტონი და დიპლომატიური საუბარი და ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს პირადად უთხრა.

"მე ბათუმშიც ვუთხარი მას [შარლ მიშელს], რომ ნახევარსიტყვები, რბილი ტონი არ ჭრის ქართულ ოცნებასთან, პირდაპირ, არადიპლომატიური ენით, მკაფიოდ უნდა იყოს პოზიციები გამოხატული. სამწუხაროდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ", — ამბობს გიორგი ვაშაძე.

მან ერთმანეთს შეადარა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და შარლ მიშელის განცხადებებიც. ვაშაძე ამბობს, რომ მათ შორის დიდი სხვაობაა.

"თუ შევადარებთ შარლ მიშელის და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს, დიდი სხვაობაა. მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ შარლ მიშელი უნდა ჩავხსნათ ამ პროცესიდან. არა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა. იმიტომ, რომ მას პერსონალური ვალდებულებებიც აქვს", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქართული ოცნების მიერ შეთანხმების ანულირების შემდეგ შარლ მიშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას ვაშაძემ "უსუსტესი" უწოდა. მან განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას ისედაც არ ენდობოდა და შეთანხმებას ხელი სწორედ მიშელის მედიატორობის პირობებში მოაწერა, ამიტომ, დოკუმენტის ანულირების შემდეგ პასუხს სწორედ მისგან ელის.

28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული.