აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ანი დაბრუნდაშვილი, აცხადებს, რომ კომპანიისთვის მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი ჰუსეინ ბაკიხანოვის აზერბაიჯანში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და ის მათთან დროულად დასაქმების თხოვნით ვორლდ ვიჟენის მიერ იყო გაგზავნილი. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია წლებია, თანამშრომლობს საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სასწავლებლებთან დაწესებულებებში მათი ბენეფიციარების დასაქმების მიმართულებით. მათი ინფორმაციით, ამ თანამშრომლობის ფარგლებში იყო მათთან გაგზავნილი ჰუსეინ ბაკიხანოვი.

"ამ ძალიან სამწუხარო ფაქტის დღიდან ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ჰუსეინ ბახიკანოვი 14 ივლისს სასტუმრო სტამბაში მოვიდა საინფორმაციო ტურზე, რომელიც არის ჩვენი შიდა პროცედურა ჩვენი ახალი თანამშრომლებისთვის. როგორც უკვე შემდგომ მაცნობეს, ის ამ ტურს ჩამორჩა სხვა მონაწილეებისგან და შემდგომ უკვე ცნობილი გახდა აღნიშნული სამწუხარო ფაქტის შესახებ", — აცხადებს ანი დაბრუნდაშვილი.

მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანიაში ჯერჯერობით მეტ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

29 ივლისს, გვიან ღამით, აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მიგრანტი, ჰუსეინ ბაკიხანოვი, თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. მუხთარლი წერდა, რომ ბაკიხანოვი იმ მაღალსართულიანი შენობიდან გადმოაგდეს, სადაც ის ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ჰუსეინს აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა, ამიტომ ბოლო პერიოდში ის თბილისში ცხოვრობდა და თავშესაფარს ითხოვდა. On.ge-სთან საუბრისას მუხთარლიმ განმარტა, რომ გარდაცვლილის ცხედარი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, Rooms Hotel-ის წინ ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევა 14 ივლისს მოხდა. ეს სასტუმრო აჭარა ჯგუფის საკუთრებაა. 30 ივლისს ომბუდსმენის აპარატმა მისი გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო.