ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის აცხადებს, რომ, თუ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგის დადგომის შემდეგ ქართული ოცნება მაინც შეეცდება, თავი აარიდოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ფრაქციის წევრები პარლამენტს დატოვებენ. ამის შესახებ საგანგებო განცხადებას ფრაქცია ავრცელებს.

ლელოს წევრები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის დატოვება გარკვეულ პირობებზე უნდა იყოს დამოკიდებული. ამასთან, დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი იქნება სრული ოპოზიციის გადაწყვეტილება და ეს იქნება ვადამდელი არჩევნებისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი.

"სწორედ ეს უნდა იყოს ოპოზიციის ეფექტური პასუხი ოცნების მზაკვრულ გეგმაზე. პარლამენტის დატოვების მზაობა ახლავე თუ არ გამოვაცხადეთ, საზოგადოების ნაწილში არ იქნება სათანადო მოტივაცია და დასავლელი პარტნიორების ნაწილმაც შეიძლება ჩათვალოს, რომ საბოლოოდ ოცნებას მაინც თავისას გავატანინებთ", — აცხადებს ლელო.

განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის დატოვება არის უკიდურესი ნაბიჯი და, რადგან ნათქვამი სიტყვების უკან წაღება "ოცნების" ხელწერაა, ამას ოპოზიცია ფართო ფრონტით და ეფექტიანი კოორდინაციით უნდა დაუპირისპირდეს. მით უმეტეს, რომ განცხადების თანახმად, დღეს არის ბრძოლა არა მხოლოდ მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის, არა მხოლოდ ვადამდელი არჩევნებისთვის, არამედ დღეს არის ბრძოლა რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის უვადოდ დაბრუნების მცდელობის წინააღმდეგ.

"ვიბრძოლოთ რეფერენდუმადქცეულ ადგილობრივ არჩევნებზე და ჯამურად მოვიპოვოთ 57%-ზე მეტი; მჭიდრო კოორდინაციით და აქტიური მუშაობით უნდა გავამაგროთ დასავლეთში არსებული ცალსახა მხარდაჭერა; ქართველ ხალხს და საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ "ოცნებას" არავითარ შემთხვევაში არ გავატანინებთ თავისას და არ შევეგუებით სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა, ევროატლანტიკურ ორბიტას მოსწყვიტოს ქვეყანა.

მიგვაჩნია, რომ დღეს ყველა ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამოცანების გარშემო უნდა გაერთიანდეს", — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ 2020 წლის ნოემბრისგან განსხვავებით, ამჯერად მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნის შესრულებას უზრუნველყოფს საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო მხარდაჭერა, რომლებიც მიშელის შეთანხმების ერთგულნი არიან.

"ასეთი ცალსახა და ერთსულოვანი საშინაო და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოქცეული პოლიტიკურ-სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ერთპარტიული პარლამენტი აუცილებლად დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები", — ნათქვამია განცხადებაში.

28 ივლისს "ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული. ეს დოკუმენტი ხუთ პუნქტს მოიცავდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი დათქმა იყო — თუ მმართველმა პარტიამ პირობა დადო, თუ არჩევნებზე ამ მაჩვენებელზე ნაკლებს აიღებდა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა, რასაც ოპოზიცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ ითხოვს. დოკუმენტის ანულირების მთავარი მოტივი კი ამ პირობის დარღვევა აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, ქართული ოცნების მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებულდ გამოცხადებისთანავე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე დაიწყო საუბარი. ზურაბ ჯაფარიძემ და ნიკა მელიამ, პროტესტის ნიშნად, პარლამენტი დატოვეს. დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ კი განაცხადა, რომ ის პარლამენტში რჩება, მაგრამ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

გაიგეთ მეტი: