ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას არადემოკრატიულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტმა ყველა გააოცა. კრამონი შეშფოთებას გამოხატავს იმის შესახებ, რომ მედიათავისუფლება საქართველოში შეტევის ქვეშ აღმოჩნდა.

"დაგვამუნჯა იმან, რაც კულტურის მინისტრმა გააკეთა. ეს აბსოლუტურად არ ახასიათებთ დემოკრატიულ სახელმწიფოებს. ჩემი პირველი განცხადება ჟურნალისტების მიმართ გავაკეთე სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჟურნალისტებმა უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, ეს ნამდვილად ვერ გაამართლებს იმ ქმედებას, რომ მინისტრს შეუძლია მიკროფონი წაართვას ჟურნალისტს, მაგრამ ჟურნალისტებმაც უნდა გააკეთონ მაქსიმალური, რათა დაიცვან პოლიტიკოსების პირადი სივრცე. ასევე დავამატებ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მედიათავისუფლება შეტევის ქვეშ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში", — განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარმა პრესკონფერენცია ქართული მედიის და განსაკუთრებით 5 ივლისს დაშავებული 53 ჟურნალისტის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით დაიწყო.

"ქართული ოცნების განცხადებებმა ვერ მიაღწიეს მიზანს — დაეგმოთ დაუსჯელობა, ეს არის ძალიან საშიში ნიშანი დემოკრატიის უკან დახევისა. ისეთი პოლარიზებული მედიის დაცვა, როგორიც არის საქართველოში, ევროკავშირის ძირითად ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს", — თქვა მან.

5 ივლისს, როცა თბილისში ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და თავს დაესხნენ პოლონელ ტურისტს. 11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსების მარშს "მიუღებელი" უწოდა. მართალია, მან მედიაზე ძალადობა დაგმო, ამის შემდეგ კი კრიტიკული მედია მახათას მთაზე გამართულ საჯარო ღონისძიებაზე არ მიიწვია. მედიის პროტესტის საპასუხოდ, ქართულმა ოცნებამ კრიტიკულ არხებთან კომუნიკაცია შეწყვიტა. 22 ივლისს კი, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. კვლავ უცნობია, დაიწყო თუ არა შსს-მ ამ ფაქტზე გამოძიება.