ოზურგეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე იქნება. აღნიშნულზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძე იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი. ერთ-ერთი წარმატებული, ძალიან წარმატებული საჯარო მოსამსახურე. ესეც აჩვენებს იმას, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის ოზურგეთი და მისი განვითარება. დარწმუნებული ვართ, რომ ავთანდილი არამხოლოდ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, არამედ ხელს შეუწყობს ოზურგეთის შემდგომ განვითარებას", — ამბობს ის.

კითხვაზე, თუ რატომ შეაჩერეს არჩევანი არჩილ თალაკვაძის ძმაზე, კობახიძე პასუხობს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საჯარო მოხელეა.

"მე უკვე განვმარტე, ავთანდილ თალაკვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საჯარო მოსამსახურე ძალიან დიდი გამოცდილებით, რომელიც მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში, მას აქვს მენეჯმენტის ძალიან კარგი გამოცდილება და მას აქვს ძალიან კარგი საარჩევნო რესურსი, აქედან გამომდინარე, ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში იყო უალტერნატივო კანდიდატი და ჩენ მივიღეთ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება", — ამბობს პარტიის თავმჯდომარე.