ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებამ სარგებელი მხოლოდ კრემლს მოუტანა. მისივე თქმით, ამის შემდეგ ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გადახედვა დასჭირდება.

"[19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა] ძალიან გულდასაწყვეტი გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოსთვის სარგებლის მომტანი არ არის, არ არის სასარგებლო მისი ხალხისთვის, საერთაშორისო მეგობრებისთვის. ქართული ოცნების გადაწყვეტილებამ მოუტანა სარგებელი მხოლოდ კრემლს. ნათელია, რომ მას შემდეგ რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ საქმეების მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან", — განაცხადა კრამონმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროპარლამენტარმა, ასევე, აღნიშნა, რომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და მისმა უარმა ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის, ქართულ ოცნებას საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა.

"საქართველოს ხალხი იმსახურებს უკეთესს, ისინი იმსახურებენ ისეთ პოლიტიკოსებს, ვინც ქვეყნის ინტერესს ყველაფერზე მაღლა აყენებს. ამიტომაც, მე არასდროს არ ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებდი, ერთგულები ყოფილიყვნენ იმ ხელშეკრულებისა, რომელიც გაფორმდა და იმ ვალდებულებისა, რომელიც მათ აიღეს. ჩვენ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში, ოპოზიციის სამუშაოა აკონტროლოს მთავრობა და არ იყოს გარეთ, არ დარჩეს პარლამენტის მიღმა", — განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ის, ასევე, იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი პარტია თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდება. მისივე თქმით, ეს არის მათი მოთხოვნა. ამავდროულად, ევროპარლამენტარმა ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდა, ხელშეკრულებას შეუერთდეს.