ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე აცხადებს, რომ პირველად არ ხდება, როდესაც ქართული ოცნება თავის დაპირებას არ ასრულებს. ევროპარლამენტარის თქმით, შეთანხმების გაუქმება ნდობას არღვევს და ქართულ ოცნებას ხდის ისეთ სუბიექტად, რომელიც არ არის სანდო.

"შეთანხმებიდან გამოსვლასთან დაკავშირებით გამოთქმული გამართლება გახლავთ არადამაჯერებელი და არასერიოზული, ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა მისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას ამბიციური სასამართლო რეფორმის გარეშე და ეს არის კარგი დემონსტრაცია ზემოთ თქმულისა", — განაცხადა კრამონმა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდა. როგორც მან თბილისში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, მმართველმა პარტიამ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო.

"მეშინია, რომ ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე ეს მოხდა სამი თვის წინ. როგორც ევროპული პარლამენტის დემოკრატიული მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის წევრი, გადაწყვეტილება მივიღე წამყვანი მაღალი დონის მისიაში მონაწილეობისთვის, იმისთვის, რომ მხარი დამეჭირა დიალოგისთვის ქართული პოლიტიკური პარტიებთან და ევროპული გამოცდილება გამეზიარებინა.

ქართულმა ოცნებამ გადადგა მოულოდნელი და ჩემი აზრით, მიიღო დამაზიანებელი გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებისთვის. ამის გამო მე იძულებული გავხდი გამეუქმებინა შეხვედრები საქართველოს პარლამენტში", — განაცხადა კრამონმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა. ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას მათ ბრძოლაში სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამიტომ, აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ხმა მისცეს ადგილობრივ არჩევნებში. მისივე თქმით, ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებში შედის, რათა დარწმუნდეს რომ მათმა დამკვირვებლებმა გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

გაიგე მეტი: