აუდიტის სამსახურმა პარტიების შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია განაახლა, რომლის მიხედვითაც ბოლო სამ თვეში პოლიტიკურმა სუბიექტებმა სულ 571 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღეს.

ამ თანხის 78% ორმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ და გიორგი გახარიას პარტიამ, საქართველოსთვის მიიღეს. ამ პოლიტიკური სუბიექტების ბოლო სამი თვის ჯამურმა დაფინანსებამ 449,5 ათას ლარს მიაღწია.

ასეთია იმ პარტიების ჩამონათვალი, რომლებმაც მიმდინარე წლის მაისში, ივნისსა და ივლისში შემოწირულობები მიიღეს:

  1. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო — 230 000 ლარი;
  2. საქართველოსთვის — 219 516 ლარი;
  3. ლელო საქართველოსთვის — 33 030 ლარი;
  4. ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის — 26 941 ლარი;
  5. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 26 560 ლარი;
  6. ევროპელი სოციალისტები — 26 500 ლარი;
  7. საქართველოს მწვანეთა პარტია — 3 480 ლარი;
  8. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია — 3 000 ლარი;
  9. საქართველოს კონსერვატიული პარტია — 1 120 ლარი;
  10. დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო — 1 050 ლარი;
  11. მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის — 90 ლარი;

მაისის დასაწყისიდან დღემდე ქართულ ოცნებას სულ 8 ფიზიკურმა პირმა შესწირა თანხა, რომლის ჯამურმა ოდენობამ 230 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება გახარიას პარტიას (საქართველოსთვის), მის შემომწირველების შორის 30 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი იყო. შემოწირულობების ჯამურმა ოდენობამ 219 516 ლარი შეადგინა.

ბოლო სამ თვეში ლელოს სულ ორი შემომწირველი ჰყავდა — ნიკა ხაზარაძე, რომელმაც პარტიას 32,7 ათასი ლარი შესწირა და ქეთევან ბუზარიაშვილი, რომელმაც პარტიას 330 ლარი გადაურიცხა — პარტიამ ჯამში 33 030 ლარის შემოწირულობა მიიღო.

მაისის დასაწყისიდან დღემდე სხვა პარტიებმა ჯამში 88,7 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღეს. მათ შორის იყო, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ამ პერიოდში სულ 26,5 ათასი ლარი შესწირეს.