ცნობილი ბიზნესმენები, მელინდა ფრენჩ გეიტსი და მაკენზი სკოტი, საქველმოქმედო მიზნით გაერთიანდნენ. მათ $40 მილიონი გასცეს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამერიკელი ქალების მხარდაჭერისა და გაძლიერებისათვის.

შემოწირულობას კონკურსის Equality Can't Wait (თანასწორობა ვერ მოიცდის) გამარჯვებულები მიიღებენ — პროექტის, რომელსაც ფრენჩ გეიტსი სკოტთან და სხვა ფილანთროპებთან ერთად ახორციელებს. კონკურსი კი, თავის მხრივ, "აშშ-ის პირველი პროექტია, რომელიც გენდერულ საკითხებსა და თანასწორობაზე ფოკუსირდება".

ოთხმა გამარჯვებულმა, რომელიც 550 აპლიკანტიდან შეირჩა, შემოქმედებითი იდეები წარმოადგინა. ინიციატივები აშშ-ში მცხოვრები ქალებისა და გენდერულად არაკონფორმირებული (ადამიანები, რომლებიც საზოგადოების დადგენილ გენდერულ ნორმებს არ ერგებიან) პირების მხარდაჭერასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად; მათ შორის, ქალებისათვის ვებდეველოპმენტის კურსების შექმნასა და ახალგაზრდების წახალისებას, ჩააბარონ სასწავლებელში და გადადგან პირველი კარიერული ნაბიჯები.

თითოეული ინიციატივა $10 მილიონით დაფინანსდება.

"გამარჯვებულები წინა ხაზზე მებრძოლი ის გუნდები არიან, რომლებიც თემებში ქალებს საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე მართვის სადავის აღებაში აღებაში ეხმარებიან", — აღნიშნავს სკოტი საკუთარ განცხადებაში.

"ჩვენ შეგვიძლია, ისტორიული ჩარჩოს გარღვევა და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება, თუმცა, ამისათვის ისეთ ორგანიზაციებს უნდა დავეხმაროთ, როგორებმაც დღეს ჯილდო მიიღეს — რომლებიც გოგოებისა და ქალების მხარდასაჭერად მზად არიან", — დასძენს ფრენჩ გეიტსი.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდპანდემიის პერიოდში, როცა, როგორც ექსპერტები აფასებენ, გენდერული უთანასწორობის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images / BBC

ფრენჩ გეიტსი და სკოტი, რომლებიც მსოფლიოს უმდიდრეს ქალებს შორის არიან, საქველმოქმედო საქმიანობით აქტიურად არიან დაკავებულები. ორივე მათგანი დაბანდების ინიციატივის ხელმომწერია. ინიციატივის მონაწილეები ამით პირობას დებენ, რომ ქონების უმეტეს ნაწილს ქველმოქმედებისთვის გაიღებენ.

ფრენჩ გეიტსი კვლავაა არის გეიტსების ფონდის თანამფლობელიც, რომელმაც გასული წლის განმავლობაში კორონავირუსის კვლევისა და ვაქცინის შესაქმნელად მნიშვნელოვანი რესურსი გაიღო. სხვადასხვა ინიციატივებით ფრენჩ გეიტსი ასევე ეხმარება ქალებს, დასაქმდნენ ტექნოლოგიების, მენეჯმენტისა და სხვა სფეროებში.

რაც შეეხება სკოტს, ივნისის თვეში ცნობილი გახდა, რომ მილიარდერმა 286 ორგანიზაციის დასახმარებლად $2,7 მილიარდი გაიღო. 2020 წლის დეკემბრის ცნობით კი, მხოლოდ ოთხ თვეში მან 4 მილიარდზე მეტი გადარიცხა სხვადასხვა სახის სოციალური პროექტებისა და ორგანიზაციების მხარდასაჭერად.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსებმა Amazon-ის შენება ერთად დაიწყეს, ხოლო გეიტსებიც დიდი ხნის ქორწინებაში იყვნენ, როცა Microsoft-მა წარმატებას მიაღწია. ამასთან, მელინდა ფრენჩ გეიტსი მაიკროსოფტის გენერალური მენეჯერი იყო, ხოლო მაკენზი სკოტს ამაზონის შექმნაში, განვითარებასა და საწყის ეტაპზე დაფინანსებაში დიდი წვლილი მიუძღვის.