დიდმა აფეთქებამ სამყაროში მხოლოდ რამდენიმე ძირითადი საშენი მასალა შემოიტანა: უმეტესად წყალბადი, ცოტა ჰელიუმი და სხვა მსუბუქი ელემენტები. დანარჩენი ელემენტები კი ვარსკვლავების ბირთვში წვით შეიქმნა. ეს პროცესი წყალბადს უფრო მძიმე ელემენტებად ასინთეზირებს (ზოგიერთ უმძიმეს ელემენტს სუპერნოვას ენერგია სჭირდება წარმოსაქმნელად).

მეცნიერთა გუნდმა ატაკამას დიდი მილიმეტრული/სუბმილიმეტრული მასივი (66 რადიოთეფშის კოლექცია ჩრდილოეთ ჩილეს მთებში) გამოიყენა, რათა სამყაროს ადრეულ ეტაპზე შექმნილი ძალიან შორეული გალაქტიკა, სახელად A2744_YD4 (ფოტოზე) აღმოეჩინა. ეს გალაქტიკა ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როდესაც სამყაროს ასაკი დღევანდელი ასაკის 4% იყო. ასტრონომების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ შეამჩნიეს, რომ გალაქტიკა უკვე სავსე იყო მტვრით - სილიციუმის, ნახშირბადისა და ალუმინის მიკროსკოპული მარცვლებით.

გუნდის კვლევა 8 მარტს გამოქვეყნდა Astrophysical Journal Letters-ში. კვლევაში ნათქვამია, რომ ისინი A2744_YD4-ს აკვირდებიან ისეთს, როგორიც ის იყო დიდი აფეთქებიდან 600 მილიონი წლის შემდეგ - პირველი ვარსკვლავების წარმოშობიდან სულ რაღაც 200 მილიონი წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერთა შეფასებით, ეს გალაქტიკა წელიწადში 20 მზის მასის ოდენობის ვარსკვლავს წარმოქმნიდა (შედარებისთვის, ირმის ნახტომი დღეს 1 მზის მასას წარმოქმნის წელიწადში), ამ მტვრის წარმოსაქმნელად გალაქტიკის პირველი ვარსკვლავები ძლიერად და სწრაფად უნდა დამწვარიყვნენ. ასტრონომებისათვის ეს ღირებული ინფორმაციაა, რადგან მათ აინტერესებთ ვარსკვლავების პირველი თაობის შესწავლა.

A2744_YD4-ის შესწავლა მეცნიერებს დაეხმარება იმის გარკვევაში, თუ რამ გამოიწვია თავდაპირველი ნეიტრალური აირების იონიზაცია, როგორ ანათებდნენ ვარსკვლავები კოსმოსური განთიადის დროს და რა პროცესები ხდებოდა დიდი აფეთქებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ.