"ეს სერიოზულია, გაიღვიძეთ", — ამ სიტყვებით ეხმიანება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი, ამერიკის საელჩოს განცხადებას ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ გაბრაზება საკმაოდ ძლიერი ტერმინია და არასდროს უნახავს იგი საელჩოს განცხადებაში.

"საერთო ჯამში, შეერთებულ შტატებს გამოელია მოთმინება, ისევე, როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნებს, რომლებიც აქამდე ზრუნავდნენ საქართველოზე", — წერს ის.

შეთანხმების ანულირების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ შეწუხებული და გაბრაზებულია ქართული ოცნების ცალმხრივი გადაწყვეტილებით.

"ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც "ქართული ოცნება" იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს "ქართული ოცნების" ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის", — ამბობს საელჩო.

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ყველა პარტიას, მათ შორის, ქართულ ოცნებას, ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის.

ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

გაიგე მეტი: