ლიტერას ჟიური იოსებ ჭუმბურიძის გარდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ოთხივე წევრმა დატოვა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ On.ge-ს ბელა წიფურიამ დაუდასტურა:

"ცხადია მეც მოვხსენი კანდიდატურა. მიზეზი იყო კონკურსისადმი, სიტუაციისადმი შექმნილი უნდობლობითი დამოკიდებულება. ეს უნდობლობა არაა მარტო კონკრეტულად მწერლების [მხრიდან] უნდობლობა, ესაა მთლიანად ქართული საზოგადოების უნდობლობა სახელმწიფო პროცესების მიმართ".

ჟიური გუშინ დატოვა სამმა წევრმა, რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა და ოქტაი ქაზუმოვმა.

მეტად აქტიური უნდა იყოს ლიტერატურული (ხაზს ვუსვამ - ლიტერატურული) პროცესი, რომელიც ერთი გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა დარჩეს. [...] პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას, თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას.

რეზო თაბუკაშვილი

როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ.

ლელა კოდალაშვილი.

მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი "მილისტის" წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის.

ოქტაი ქაზუმოვი

ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს და აქამდე პრემიის ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა. სახელმწიფო პრემიის ჟიურიში წელს პირველად დანიშნა კულტურის სამინისტრომ თავისი წარმომადგენელი. ამისთვის დებულებაში ცვლილებები ცოტა ხნის წინ შევიდა.

On.ge-ს კითხვაზე, აპირებს თუ არა ჟიურიში დარჩენილი ერთადერთი წევრის, იოსებ ჭუმბურიძის გაწვევას, კულტურის სამინისტროში ასე პასუხობენ:

"კონკურსის ჩატარება არ არის სამინისტროს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. ეს სრულად მწერალთა სახლის პასუხისმგებლობაა.

კონკურსს ლიტერა სრულად აორგანიზებს და ატარებს მწერალთა სახლი. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კონკურსში არანაირად არ ერევა და ამ კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი არის სამინისტროს წარმომადგენელი. სხვა წარმომადგენლებს დამოუკიდებლად ასახელებს მწერალთა სახლი. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას მწერალთა სახლი ასევე დამოუკიდებლად განკარგავს".

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო აცხადებს, რომ აქამდე პრემიის ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ:

"არ გაგვაჩნია რაიმე სახის იურიდიული ბერკეტი ამის შესაცვლელად, თუმცა ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჟიურის თითოეული წევრი კვლავაც შეირჩეს დამოუკიდებლად, რათა მათ ყოველგვარი წნეხის გარეშე, თავისუფლად გააგრძელონ მუშაობა და ლიტერატურულ პროცესში წვლილის შეტანა".