ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ თეა წულუკიანის განცხადება, მედიაში გარკვეული რეგულაციების შემოღების შესახებ, ხელისუფლების მხრიდან მედიის გაკონტროლების სურვილს ადასტურებს.

"სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ მედიის შინაარსში ჩარევაში და დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე. ეს ყველაფერი არის იმ კამპანიის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ბოლო პერიოდში ეწევა და განსაკუთრებით, რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც, ერთი მხრივ, ახალისებს ძალადობას და ახლა უკვე საუბრობს დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე", — აცხადებს გოგოსაშვილი.

წულუკიანი ამტკიცებს, რომ "ჟურნალისტების უმრავლესობას არ ესმის, რა არის გამოხატვის თავისუფლება". მინისტრი, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ხალხს მისთვის ტაშის დაკვრას სთხოვდა, ევროპულ კონვენციაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ვალდებულებებიც ახლავს. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლების სახელით ებრძვიან ყველაფერს, რაც არის ინდივიდუალური და ინდივიდი. წულუკიანი აღნიშნავს, რომ ეს "ძალიან დიდი პრობლემაა" და პასუხობს კითხვას: "როგორ უნდა ვებრძოლოთ?".

"ვფიქრობ, რომ ამას კლასიკური მეთოდები არ უშველის, თუმცა ის, რაც მოხდა სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა... იქ, რა თქმა უნდა, იყო დასაგმობი და აბსოლუტურად შეუწყნარებელი ფაქტები, როდესაც ჟურნალისტს ურტყამ, შეურაცხყოფ და ა.შ. მაგრამ იყო ასევე უფრო მეტი და მასიურად, ჩვეულებრივი აღშფოთება, დაგმობა იმისა, რომ ეს ჟურნალიზმი არ არის, კრიტიკა ჟურნალისტებისადმი, რასაც უნდა შეეგუონ, სხვა გზა არ აქვთ, რადგან ჩვენც გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ სხვა. იმიტომ არ ვართ საზოგადოების წევრი, მასწავლებელი, პოლიტიკოსი, მინისტრი თუ სხვა, რომ თავში გვირტყას ვიღაცამ მიკროფონი, ამის უფლება არავის არ აქვს", — აცხადებს წულუკიანი.

მან ისაუბრა მთავარი არხისთვის წართმეულ მიკროფონზეც და თქვა, რომ უვლის და ინახავს. წულუკიანის მტკიცებით, ჟურნალისტები სახლებში იჭრებიან და საძინებლებში დარბიან, ამიტომ არ აპირებს, თავი დახაროს.

გია გაჩეჩილაძემ გადაცემის მსვლელობისას არაერთხელ ახსენა მედიის "კანონის ფარგლებში მოქცევა", რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ Fake News-ისა და ინფორმაციის გავრცელებისას ვალდებულებების ნაწილში რეგულაციების იდეას ემხრობა, თუმცა თქვა ისიც, რომ გარკვეულ წესებზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს.