საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმების ყველა ვალდებულება ცალმხრივად შეასრულა და მათი მხრიდან რეფორმები გაგრძელდება.

"მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად, ეს ითქვა საჯაროდ და მე მინდა აქვე დავადასტურო, ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ქართული ოცნების მიერ მიშელის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხში სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ნაციონალურმა მოძრაობამ აჩვენა.

"თქვენ ნახეთ, რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა ნაციონალურმა მოძრაობამ სააკაშვილის დავალებით, კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინც არის დღეს ოპოზიციური პარტიებიდან, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. მოგეხსენებათ, რომ სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი, შედეგი არჩევნებზე შეადგენს 10%-ზე მეტს, შესაბამისად ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, მთავარი ოპოზიციური და ამავდროულად დესტრუქციული პარტიის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას. სრული იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს", — განაცხადა მან.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ევროპული შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული.

გაიგე მეტი: