ექსპრემიერი და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარიას თქმით, ქართული ოცნების მიერ მიშელის შეთანხმების ანულირება შიშის გამოხატულებაა. ის ამბობს, რომ მმართველი პარტიისთვის სახელმწიფო ინტერესები უკანა ფლანგზეა გადატანილი, ხოლო წინ — პარტიული ინტერესები.

"ჩემთვის, პერსონალურად, ეს არის შიშის გამოხატულება, რადგან, აშკარა ხდება უკვე, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა. ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობებში, გადაწყვეტილებებში.

სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ მმართველი პარტია — ჩემთვის ეს დიდი იმედგაცრუებაა — ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. აქ დღეებზეა საუბარი, სინამდვილეში. აქ არ არის გრძელვადიან პერსპექტივებზე საუბარი. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინტერესები გადატანილია სადღაც მეორე, მესამე, მეოთხე ფლანგზე. წინ არის წამოწეული პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს არის ყველაზე ცუდი რაც ახლა ხდება", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვას, შეეძლო თუ არა ქართულ ოცნებას მიშელის დოკუმენტის ანულირება პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, გახარიამ ასე უპასუხა:

"დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების, ბოსების გაბედულებაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა".

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ევროპული შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული.

გაიგე მეტი: