კინემატოგრაფიაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემათა წარმოჩენა ხშირად უკეთესის სურვილს ტოვებს. დეპრესია თუ რაიმე სხვა სერიოზული მენტალური აშლილობა ან სტიგმატიზაციის სამიზნე ხდება ხოლმე, ან ექსპლუატაციის; ზოგჯერ კი ორივესი. ყველაზე უარეს შემთხვევაში ის ძალადობის გამომწვევად განიხილება — როგორც ეს, მაგალითად, ტოდ ფილიპსის ჯოკერშია (2019). თუმცა ამ მრავალი პრობლემური ასახვის მიღმა არის ფილმი, რომელიც ალბათ ყველაზე შემწყნარებლურად მიუდგა საკითხს და ფსიქიკური პრობლემები ეკრანზე გულისხმიერებით გამოაჩინა. საუბარი ლარს ფონ ტრიერის 2011 წლის ფილმზე, მელანქოლიაზეა.

ამ ფილმის პრემიერა 10 წლის წინ, მაისში კანის კინოფესტივალზე შედგა. ის დავის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ფილმის პირველი ჩვენების შემდგომ პრესკონფერენციაზე ლარს ფონ ტრიერმა განაცხადა, რომ ნაცისტი იყო, რის გამოც ის ფესტივალიდან 7 წლით მოხსნეს. თუმცა ახლა, როდესაც ვნებათაღელვა ჩაცხრა, უნდა ვაღიაროთ, რომ მელანქოლია ქებას იმსახურებს როგორც ფილმი, რომელმაც ფსიქიკური ჯანმრთელობის თანამედროვე დისკურსს წინ გაუსწრო. მან აჩვენა, თუ როგორაა შესაძლებელი მენტალურ აშლილობაზე ისე საუბარი, რომ კინემატოგრაფიულმა ძალამ ადამიანის სულიერი გარდაქმნა შეძლოს.

მელანქოლია, რეალურად, ფონ ტრიერის მეორე ფილმია ეგრეთ წოდებული დეპრესიის ტრილოგიიდან, რომელშიც ასევე შედის ფილმები ანტიქრისტე და ნიმფომანიაკი. როგორც რეჟისორმა განაცხადა, ამ სამი ფილმის მეშვეობით ის ცდილობდა თავისი დეპრესიის სხვადასხვა მანიფესტაციის შეცნობას, რისთვისაც ქალ ალტერ ეგოებს იყენებდა. "ფილმი ფსიქოლოგიური კატასტროფის შესახებ" და "ლამაზი ფილმი სამყაროს აღსასრულის შესახებ" — ასე აღწერს ფონ ტრიერი მელანქოლიას. ფილმის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა ქალია, ჯასტინი (კირსტენ დანსტის შესრულებით) — ფონ ტრიერის სუროგატი, რომელიც გამანადგურებელ დეპრესიას განიცდის. მისი ამ დეპრესიის ფონზე კი სამყაროს რეალური აღსასრული დგება — ლურჯი პლანეტა, სახელად მელანქოლია, სადაცაა დედამიწას დაეჯახება.

მელანქოლიის პრემიერა კანის კინოფესტივალზე 10 წლის წინ შედგა — თუმცა ფილმს სახელი ლარს ფონ ტრიერმა გაუფუჭა, როდესაც პრესკონფერენციაზე ნაცისტობის შესახებ თავისი ახლა უკვე საყოველთაოდ ცნობილი კომენტარი გააკეთა.

ფოტო: Alamy

მელანქოლია ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი, "ჯასტინი", ჯასტინის ქორწილზეა: იგი ლიმუზინის სცენით იწყება, რომელშიც ჯასტინი და მისი საქმრო, მაიკლი (ალექსანდრ სკარსგარდის შესრულებით), ხითხითებენ იმაზე, თუ როგორ უშედეგოდ ცდილობს მათი მძღოლი ვიწრო გზაზე მოხვევას. ჯასტინი და მაიკლი საბოლოოდ ორი საათით გვიან მიდიან თავიანთ ქორწილში. ყველაფერი აქედან უარესდება — ჯასტინის დეპრესია მთლიან დღეს ფარავს და მაიკლის გულგატეხილობას, ჯასტინის დის, კლერის (შარლოტ გენსბურის შესრულებით) შფოთვას და მდიდარი სიძის, ჯონის (კიფერ სადერლენდის შესრულებით) გაღიზიანებს იწვევს.

თუმცა "ნაწილი მეორე: კლერი" სცენარს თავდაყირა აყენებს. დედამიწასთან მოახლოებულ პლანეტა მელანქოლიასთან და გარდაუვალ აპოკალიფსთან ერთად სიუჟეტის ცენტრში ახლა კლერის შფოთვა ექცევა. რაც ჯასტინის მდგომარეობასთან კონტრასტშია, რადგან ეს უკანასკნელი, რომელიც დეპრესიის მარწუხებშია მოქცეული, უკვე შეგუებულია ბედისწერას. "დედამიწა ბოროტია, არ არის საჭირო მისთვის ვიდარდოთ", — ამბობს ჯასტინი. მისი თავდაჯერებულობა სასოწარკვეთილებიდან გამომდინარეობს, რომელიც გარდაუვალი დასასრულის წინაშე ეგზისტენციალურ სიმამაცედ გარდაიქმნება. შედეგად, ის სიმართლისთვის თვალის გასასწორებლად ძალებს პოულობს. ამ დროს ჯონი სიმხდალეს ავლენს — შექმნილმა სიტუაციამ ყველა პერსონაჟის ნამდვილი სახე ამოატივტივა ზედაპირზე.

მელანქოლიას სასოწარკვეთილებაზე გადაღებული ფილმისთვის უჩვეულო ვიზუალური დიდებულება ახასიათებს. როგორც ფილმის კინოოპერატორი, მანუელ ალბერტო კლარო ხსნის, ზოგი კადრი ფონ ტრიერმა ცნობილი ნახატების მიხედვით შექმნა. მაგალითად, ჯონ მილეს ოფელიას გადათამაშებას იმ სცენაში ვხედავთ, როდესაც ჯასტინი წყაროში თავის საქორწილო კაბაში გამოწყობილი ლივლივებს. ასეთ მომენტებს ფონ ტრიერმა "ვაგნერის მომენტები" უწოდა. მან კომპოზიტორი რიჩარდ ვაგნერი იგულისხმა, რომლის ოპერაც, ტრისტანი და იზოლდა, ამაღელვებელ მუსიკალურ ეფექტს ქმნის ფილმის სხვადასხვა სცენაში — აღსანიშნავად კი პრელუდიაში, რომელიც რამდენიმე სულისშემძვრელი, შენელებული მიკროსცენისგან შედგება (დაახლოებით, 1000 კადრი წამში): კირსტენ დანსტი როგორც ოფელია; ციდან ჩიტების ცვენისას დანსტზე მიახლოებული კადრი; გენსბურის მიერ გოლფის მოედნის გადარბენა გულში ჩაკრული ბავშვით; ცხენი, რომელიც მიწაში იძირება; საქორწილოკაბიანი დანსტი, რომელიც წელსა და ფეხებზე გამობმულ ნაცრისფერ ქსოვილს ექაჩება. ეს ვიზუალური სიდიადე მასშტაბურობას ანიჭებს დეპრესიას, რომელიც, ფონ ტრიერის პერსპექტივიდან, პერვერსიულად მრავალშრიანი ფსიქიკური მდგომარეობაა. ის აჩვენებს იმას, რომ მასში, დეპრესიაში, თავიანთ გონებაში და სხეულში ჩაძირული ადამიანები მოვლენებს ექსტრავაგანტულ სიხშირეზე გრძნობენ. მათ, უბრალოდ, ხშირად ამის გაზიარება არ შეუძლიათ.

ფილმის ერთ სცენაში ჯასტინი (კირსტენ დანსტის შესრულებით) დეპრესიას სხეულზე გამობმულ ნაცრისფერ ნაჭერს ადარებს, რომელიც გამუდმებით უკან ექაჩება.

ფოტო: Nordisk Film

კლარო BBC–სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თავდაპირველად ეშინოდა, შვედეთის ტიოლჰოლმის სასახლეში გადაღებული ფილმი "ზედმეტად ლამაზი" არ გამოსულიყო. "ზოგჯერ სცენარს კითხულობ და გიჩნდება განცდა, რომ კინემატოგრაფიულ კანფეტთან გაქვს საქმე. დიდი ქორწილი სასახლეში, სამყაროს აღსასრული. ასეთ დროს იმის მაგივრად, რომ პერსონაჟები შეგიყვარდეს, მსგავსი გრანდიოზული სცენარი გიყვარდება". თუმცა კლარომ ამის საპირწონედ ქრონომეტრაჟის უდიდესი ნაწილი ჯასტინისა და კლერის კადრებს დაუთმო — მათი ყოველი გამომეტყველების დაფიქსირებას.

რატომ არის მელანქოლია ასეთი შთამბეჭდავი

ეს ფილმი გამოშვების დღიდანვე ერთგვარ თილისმად იქცა დეპრესიაგამოვლილი კინომოყვარულებისთვის. სწორედ ასეთი მძლავრი ენერგია აქვს მას. ეს ენერგია მძლავრია, რადგან ფილმი არ ცდილობს, ტკივილი შეამციროს. პირიქით, ის მას სამყაროს აღსასრულად აქცევს. სამეცნიერო ფანტასტიკის, რეალისტური პერსონაჟებისა და ურთიერთობების შერწყმა იდეალურ კომბინაციას ქმნის.

უდავოა, რომ, ფონ ტრიერის ოსტატურ რეჟისურასთან ერთად, ის, რაც ფილმს დაუვიწყარ ნამუშევრად აქცევს, კირსტენ დანსტის შესრულებაა — პირველყოფილი და ფიზიკური, თუმცა, ამავდროულად, ემოციური და დახვეწილი, რამაც მას 2011 წლის კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოუტანა. მელანქოლიას პრესკონფერენციაზე დანსტმა დეპრესიასთან დაკავშირებულ იმ თავის გამოცდილებაზეც ისაუბრა, რისთვისაც 2008 წელს პროფესიული დახმარება დასჭირდა. ეს გამოცდილება, როგორც ჩანს, მის მეხსიერებაში იმდენად ძლიერად გაჯდა, რომ ჯასტინის როლის შესრულებაშიც გამოვლინდა.

მელანქოლიის განსაკუთრებულობა ნაწილობრივ მაინც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების სხვა ფილმებისგან განსხვავებულად, მეტი გულისხმიერებით წარმოჩენითაა განპირობებული. 2019 წლის მაისში ფილმებსა და ტელევიზიაში ფსიქიკური ჯანმრთელობის ასახვასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ანგარიშში გამოჩნდა, რომ 2016 წლის ტოპ 100 ფილმში მენტალური აშლილობის გამოსახვის სიხშირე სრულიად მოწყვეტილი იყო რეალობას. 4,598 მოლაპარაკე პერსონაჟიდან მხოლოდ 18-ს, ანუ 0.4%-ს ჰქონდა დეპრესია — მაშინ, როდესაც რეალობაში ამერიკელების 21.4% სიცოცხლის განმავლობაში გარკვეულ მენტალურ აშლილობას განიცდის. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ფილმებში დეპრესიას გამოაჩენდნენ, ყოველთვის ნათლად იყო წარმოჩენილი მიზეზი, რამაც ეს მდგომარეობა გამოიწვია — მაგალითად, ძვირფასი ადამიანის დაკარგვა (მოჩვენებითი სილამაზე, მანჩესტერი ზღვასთან) ან შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები (მე შენამდე, სასწაული ზეციდან). სინამდვილეში კი დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ხშირად ნათელი არ არის.

ფილმის ცენტრში გამანადგურებელ დეპრესიაში მოცული ჯასტინის ქორწილია მოქცეული.

ფოტო: Alamy

კვლევამ ასევე აჩვენა, თუ რამდენად ხშირად არის დეპრესია გამოყენებული სხვადასხვა ისეთი მასთან სტერეოტიპულად მიბმული თემის წარმოსაჩენად, როგორიცაა სტიგმატიზაცია ან სუიციდი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეპრესია ჯერ კიდევ ინსტრუმენტია, რომლითაც ნარატივი ვითარდება ან სოციალური ქულები იწერება. ამის საპირისპიროდ, მელანქოლია არ იყენებს დეპრესიას როგორც ინსტრუმენტს გარკვეული მიზნის მისაღწევად; აქ დეპრესია ფილმის ტექსტურის განუყოფელი ნაწილია.

ერთ-ერთი, ვისზეც ფონ ტრიერის ფილმში გაშლილმა დეპრესიის თემამ იქონია შთაბეჭდილება, ჟურნალისტი და პროექტის მენეჯერი ჯული არის. ახლა უკვე ოც წელს გადაცილებულმა, ჯულიმ მელანქოლია თინეიჯერობისას ნახა და მოეწონა, თუმცა სრულიად განცვიფრდა, როდესაც 2019 წელს კიდევ ერთხელ უყურა და თავის თავთან გაავლო პარალელები. ჯასტინის მსგავსად, ჯულიც სასახლეში დაქორწინდა და ასევე ამოყო თავი სცენაში, როდესაც ქორწილის დღეს ემოციური ტკივილისგან გაუნძრევლად იწვა აბაზანაში. როდესაც ფილმის მეორე ნაწილი იწყება, ჯასტინი თითქოს ნახევრად მკვდარი მიაბიჯებს — ჯულიც ზუსტად ასეთ მდგომარეობაში იყო დეპრესიის გამო: "თითქოს გაშეშებული ვიყავი, ყველაფერი რასაც ვაკეთებდი, არარეალურს ჰგავდა. ძალიან სიზმრისმაგვარი მდგომარეობა იყო. როდესაც შემეძლო, მაშინვე ვიძინებდი".

ჯულის ჯასტინის იმპულსურობაც ეცნო — განსაკუთრებით, მომენტი, როდესაც ჯასტინი ქმრის გვერდით დაძინებას ვერ შეძლებს, გარეთ გაიქცევა და გოლფის მოედანზე ქორწილის ახალგაცნობილ სტუმართან სექსი აქვს. ჯულის ამ ქცევის ლოგიკა ესმის: "შენ ყველა სახის კონტროლს იშორებ და გაურკვევლობის გრძნობას ნებდები. უბრალოდ გინდა, რომ რაღაცა იგრძნო. გინდა დარწმუნდე, რომ ამ დროსა და სივრცეში ხარ".

ფილმის მეორე ნაწილში სამყაროს აღსასრული ახლოვდება — ამასობაში კი, სხვა პერსონაჟების შფოთვის ჟამს, ჯასტინი თავს მშვიდად გრძნობს.

ფოტო: Alamy

ჯეიმი გრემი სცენარისტია, რომელმაც ასევე შეძლო მელანქოლიასთან საკუთარი მდგომარეობის ასოცირება. ახლა უკვე Total Film-ის ჟურნალის რედაქტორი, გრემი იხსენებს, თუ როგორ დაესწრო ფილმის პრემიერას კანის კინოფესტივალზე 2011 წელს, როდესაც თავად განიცდიდა 4-წლიან დეპრესიას. "მქონდა განცდა, რომ ადამიანს, რომელმაც ეს ფილმი დაწერა და გადაიღო, გამოვლილი ჰქონდა ეს ყველაფერი", — ამბობს ის, — "დეპრესიის მსგავსად გადაღება არცერთ სხვა ფილმში არ მინახავს, ამიტომ ძალიან პირადულად ვიგრძენი. შემდეგ ყველაფერი მეტად ნათელი გახდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ კირსტენ დანსტსაც გადატანილი ჰქონდა დეპრესია. მისი შესრულება საოცრად გულწრფელი და დამაჯერებელი იყო".

განსაკუთრებით რეალისტური ჯეიმისთვის ის არის, თუ როგორ გვაჯახებს ფონ ტრიერი ჯასტინის დეპრესიას ყველანაირი წინაპირობების გარეშე, დეპრესიის გამომწვევი მიზეზის ახსნის გარეშე. "ხალხი ყოველთვის გეკითხება: ჰო, მაგრამ, რატომ გრძნობ თავს ასე? არ ვიცი, რაღაც ისეთი არ მომხდარა, ჩემი მშობლები არ გარდაცვლილან. არსაიდან მოსული ღრუბელივით გაჩერდა ჩემს თავზე. ფილმს ეს კარგად ესმის. ჯასტინი პრივილეგირებული ადამიანი ჩანს. მას ეს საოცარი ქორწილი აქვს, ქორწინდება ულამაზეს კაცზე, რომელიც მეტწილად მოსიყვარულეა და გამგები. კარგი სამსახურიც აქვს. მას ეს ყველაფერი აქვს, მაგრამ ვერაფერში მნიშვნელობას ვერ ხედავს. როდესაც დეპრესიას განიცდი, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. არაფერი განუგეშებს, არაფერი ჭრის".

ჯეიმი ასევე მოიხიბლა ფონ ტრიერის მიერ დეპრესიის ფიზიკური მხარის წარმოდგენით — იმით, თუ როგორ გაგრძნობინებს ეს მდგომარეობა სიმძიმეს შენს ძვლებში, როგორ ქმნის ყველაფრისგან სიძნელეს. მეორე ნაწილში კიდევ ერთ სააბაზანოს სცენაში კლერი ცდილობს დაარწმუნოს შიშველი ჯასტინი, რომ ვანის კიდეს გადააბიჯოს და წყალში ჩაწვეს. თუმცა ჯასტინი ვერ აბიჯებს და იატაკზე ემხობა. "ამ მომენტმა მართლა მომხიბლა", — ამბობს გრემი, — "რადგან, როდესაც დეპრესია განსაკუთრებით მძიმე იყო, ზუსტად ასე ვგრძნობდი თავს და მსგავსი რამ არცერთ სხვა ფილმში არ მინახავს. ის სინამდვილეშიც ასეთი ძალაგამომცლელი და გამანადგურებელია. თავს უბრალოდ მოწყენილად არ გრძნობ. დეპრესია მთელ შენს სხეულზე ახდენს გავლენას, რის შედეგადაც ძლივსღა მოძრაობ. ჯასტინი ერთ მომენტში ამბობს, რომ სიარულისას თავს ისე გრძნობს, თითქოს ნაცრისფერი ქსოვილი აქვს შემოხვეული და უკან ექაჩება. მუშაობისას, როდესაც ექვსი იმეილისთვის უნდა მეპასუხა, მიჩნდებოდა განცდა, რომ შეუსრულებელი ამოცანა იყო — არადა, როგორი მარტივი საქმე ჩანს. როდესაც კარგად გრძნობ თავს, ერთ წუთში ითავებ თითო იმეილს, მაგრამ დეპრესიისას უბრალოდ ვერ უმკლავდები, სახლში წასვლა გინდება".

ემპათიის ნაკლებობა

ფილმი შესანიშნავად აღწერს ჯასტინის ფსიქიკურ ტანჯვას, მაგრამ იგი ასევე შესანიშნავად აღწერს ემპათიის იმ ნაკლებობასაც, რომელსაც დეპრესიის მქონენი განიცდიან — დამოკიდებულებას, რომელიც ჯონს, ჯასტინის სიძეს აქვს ფილმში. იგი აგრესიულად ახსენებს ჯასტინს, თუ რამდენი ფული დაიხარჯა ქორწილზე. მისი მოუქნელი ლოგიკა ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰგავს ჯასტინის უმწეობის ფონზე. გრემმა მსგავსი ცივი დამოკიდებულება რეალობაშიც დაინახა, როდესაც ფილმი დასრულდა და კინოფესტივალზე სხვა მაყურებლების რეაქციები მოისმინა. "მახსოვს, სხვა ჟურნალისტების საუბარი მესმოდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ საერთოდ ვერ გაიგეს ფილმი. მათი დამოკიდებულება ასეთი იყო: მერე რა, მოერიე შენს თავს, დაძლიე დეპრესია. ასეთი მშვენიერი ქორწილი მოგიწყვეს, აშკარად კარგი ოჯახიც გყავს, რატომ უნდა იყო უბედური?"

ჯასტინის სიძე ჯონი (კიფერ საზერლენდის შესრულებით) განსახიერებაა იმ გულქვა დამოკიდებულებების, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ხშირად აწყდებიან.

ფოტო: Alamy

ბოლოს, აუცილებელია ვთქვათ, რომ მელანქოლიის მიერ დეპრესიის წარმოდგენაში მხოლოდ დეტალები არ არის აღსანიშნავი, არამედ — მთელი მსოფლმხედველობა. ეს ფილმი, ფონ ტრიერის სხვა ნამუშევრების მსგავსად, პროვოკაციაა: ის ბედავს თქვას, რომ, იქნებ, დეპრესიული ხედვაა სწორი? სამყარო სრულდება. წინააღმდეგობა უშედეგოა. ყველაფერი, რაც შეგიძლია გააკეთო, კატასტროფის მიღებაა, დამშვიდება ამ ფინალური სპექტაკლის წინ.

ჯული და გრემი ახლა ორივე უკეთესად გრძნობს თავს, მაგრამ რა ემოციას უჩენს მათ ფილმის თავიდან ყურება? ჯულის მელანქოლია ახლაც უცნაურ კომფორტის განცდას უქმნის: "ეს ფილმი ამოუხსნელი ამოცანის გაშიფვრაში დამეხმარა. ამის გამო ხშირად ვუყურებ თავიდან და ვტკბები იმ აზრით, რომ ანომალია არ ვარ". ჯული აღიარებს, რომ ფილმის ლოგიკა შეიძლება სახიფათოდ მომხიბვლელი იყოს, "როგორც ხელი, რომელიც იმისკენ გექაჩება, რისგანაც ამდენი ხანი გარბოდი. თუმცა, ამის მიუხედავად, მე ეს მამშვიდებს, მეტიც, ძალას მაძლევს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც არაერთხელ მივუბრუნდები ამ ფილმს". თუმცა გრემისთვის მელანქოლიის თავიდან ყურება არც ისე კომფორტულია: "ჩემთვის ეს ძალიან მძიმე ფილმია, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ჰგავს იმას, რასაც ვგრძნობდი. ფონ ტრიერი ისე იღებს სამყაროს დასასრულს, რომ შიშს ნამდვილად გრძნობ, როდესაც ბოლოს გვერდიგვერდ სხედან და პლანეტა ახლოვდება".

მელანქოლიის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ. ახლა უკვე მეტი ადამიანი საუბრობს თავის გამოცდილებაზე, რათა მენტალურ აშლილობებთან დაკავშირებული სტიგმა გააქროს და ხალხის ინფორმირებულობას შეუწყოს ხელი. მელანქოლიის ძალა კი ისეთივე რჩება, როგორიც თავიდანვე იყო — იგი დღესაც ძირეულ კავშირს გვიქმნის საკითხთან, რაც დიდი ხელოვნების თვისებაა.