ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი მისი პარტიის მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე უარის თქმიდან მეორე ღამეს რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს.

"რიგგარეშე არჩევნები არის გამორიცხული, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ რომ გავიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად, რომ ქართველი ხალხის ნდობა იქნება ჩვენ მიმართ და, ზოგადად, რიგგარეშე არჩევნები არ არის დემოკრატიის განმსაზღვრელი. პირიქით არის — როცა რიგგარეშე არჩევნები ხდება, ე.ი. რაღაც კრიზისებია ქვეყანაში. კარგი იქნება თუ უკრიზისოდ ვიცხოვრებთ", — განაცხადა სუბარმა რუსთავი 2-ის ეთერში.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

გაიგეთ მეტი: