დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის დროს ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, "ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე". ამასთან, გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან "ცალმხრივად გასვლის" გამო და აცხადებს, რომ შეთანხმების მიზანი პოლიტიკური ჩიხის დასრულება იყო.

"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად.

მოქმედი, სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის დროს მაუწყებელ ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე", — აცხადებს საელჩო.

ამასთან, გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება.

"გაერთიანებული სამეფო, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც აუცილებელია სტაბილურობისა და გარე საფრთხეებისადმი გამძლეობის გასაუმჯობესებლად", — აღნიშნულია განცხადებაში.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

გაიგეთ მეტი: