სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ამიტომ პარტია პარლამენტში დარჩება.

"ყველას აქვს თავისი გზა, ზოგი დატოვებს, ზოგი არ დატოვებს, მაგრამ სექტემბერში ამ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც უნდა გადავიდეთ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მე ქართულ ოცნებას ამ ცვლილების ჩაგდების შანსს არ მივცემ, იმიტომ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი საკითხი არის ეს. ერთადერთი სესია გვაქვს არჩევნებამდე დარჩენილი და ეს სესია არის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა. ჩემი ხმა სრულად პროპორციულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება და ჩვენი მთელი ფრაქცია აუცილებლად მხარს დაუჭერს იმ მიღწევას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ამისათვის ჩვენ გვჭირდება დასავლელი პარტნიორების გააქტიურება", — განაცხადა მან.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

გაიგეთ მეტი: