კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ალტ-ინფო ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების გამო სამართალდამრღვევად ცნო. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს ამ არხის ეთერში გასულ გადაცემებში წამყვანებისა და მიწვეული სტუმრების მიერ გამოყენებულ უცენზურო ლექსიკას და უხამსობის ტირაჟირებას.

"კომუნიკაციების კომისიამ გადაცემების ეთერში განთავსების მართლზომიერება შეისწავლა და მიიჩნია, რომ ალტ-ინფოს ეთერში განთავსებული გადაცემები შეიცავდა განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული. ალტ-ინფოს გადაცემებში გამოყენებული ლექსიკა ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს, რითაც მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა. გამომდინარე იქიდან, რომ უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, დაირღვა იმ აუდიტორიის უფლებები, ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი გადაცემის ნახვა და მოსმენა", — აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

მათივე თქმით, ალტ-ინფო ამის გამო არ დაჯარიმდება, ვინაიდან კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების მიმართ აყალიბებს ერთგვაროვან მიდგომას, პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში კი კომისიის მიზანს წარმოადგენს სტანდარტების დადაგენა და არა მათი სანქცირება.

"ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს. უხამსობის საკითხის განხილვისას, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების მიმართ აყალიბებს ერთგვაროვან მიდგომას, პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში, კომისიის მიზანს წარმოადგენს სტანდარტების დადგენა და არა მათი სანქცირება. კომუნიკაციების კომისია ცდილობს სტანდარტის დამკვიდრებამდე არ დააკისროს მაუწყებლებს ჯარიმა, მაგრამ დააფიქსიროს დარღვევა თუ ასეთი არსებობს. დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება. არსებული პრაქტიკისა და ერთგვაროვანი მიდგომის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფო" კანონდარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა", — აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

დღეს, შოთა მარტინენკომ კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე სილქნეტის წინააღმდეგ საჩივრის განხილვის შეწყვეტა მოითხოვა.