საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით ქართულმა ოცნებამ დასავლეთს ზურგი აქცია.

"ამ ხელშეკრულებისა და მასში შემავალი ყველა დემოკრატიული პრინციპის გაუქმებით, საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს. არასდროსაა გვიანი ამ პრინციპებზე დაბრუნება", — წერს კელი ტვიტერზე და ამერიკის საელჩოს პოსტს აზიარებს, სადაც წერია, რომ დოკუმენტის ანულირების გამო შეწუხებული და გაბრაზებული არიან.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.