წალკაში, დაშბაშის კანიონის კეთილმოწყობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. ისინი უკვე ორი თვეა ითხოვენ კუთვნილ ანაზღაურებას, დღეს კი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის კასს ლენდის ადმინისტრაციულ შენობამდე მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს და ხელმძღვანელებს ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

"პირველ რიგში ჯერ ვითხოვთ იმას, რომ ხელფასები დაირიცხოს,მერე გვექნება უკვე უშუალოდ იმაზე ლაპარაკი, რომ თუ ყველა თვეში ასე უნდა იყოს, ჩვენ არც ერთს არ გვინდა აქ მუშაობა", — აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული.

კასს ლენდის წარმომადგენელი On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას ჰქონდა თავისი თანამშრომლების დავალიანება,რომელიც მოგვიანებით აანაზღაურა, ხოლო თავად კასს ლენდს სრულად აქვს ანაზღაურებული ყველა ნაკისრი ფულადი ვალდებულება მათი კონტრაქტორების მიმართ.

მისივე თქმით, ხელი შეეშალათ მათ და სხვა კონტრაქტორ კომპანიებს მიმდინარე სამუშაოების გაგრძელებაში, რამაც გამოიწვია კომპანიის დაზარალება. გაფიცულების თქმით, პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ თანხას არ გადაუხდიან.