ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ევროსაბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღებული დოკუმენტის ანულირებას ცალმხრივი სიყვარულის მინუსებს ადარებს. კერძოდ, ზარქუა ამბობს, რომ ცალმხრივად არ არსებობს როგორც სიყვარული, ისე შეთანხმებაც.

"ვალდებულებას პირნათლად ვასრულებდით, მაგრამ ცალმხრივად არ გამოვა, ცალმხრივი სიყვარულის გჯერა?... კი თუ არა? მარტივი კითხვა დაგისვი, კი თუ არა?

მეც არ მჯერა ცალმხრივი არც სიყვარულის და არც ამ ხელშეკრულების შესრულების და როდესაც მეორე მხარე იქცევა არაკეთილმოსურნედ, არაპატიოსნად, თავხედურად, მაშინ იქ არ უნდა დადგე მასთან", — განაცხადა მან ფორმულასთან საუბრისას.

კითხვაზე, ვინ არის მეორე მხარე, ზარქუა კრიტიკულ მედიას ასე პასუხობს: "ნაციონალური მოძრაობა და ბატონი ბოკერია, თქვენი დამფინანსებელი ვინც არის"

ირაკლი ზარქუა ოპოზიციას რამდენიმე ბრალდებას უყენებს, მათ შორის იმას, რომ საარჩევნო რეფორმას ხელი არ მოაწერეს, ასევე ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას არ დაესწრენენ და ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტმა თავისი როლი ვერ შეასრულა.

"ჩვენ ეს ხელშეკრულება იმიტომ დავდეთ რომ მთელი რიგი ეს დესტაბილიზაცია დამთავრებულიყო, პარლამენტში შემოსულიყვნენ... გამოდის ხელფასებისთვის შემოვიდნენ", — ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, მომხრეა თუ არა, რომ ოპოზიცია პარლამენტიდან გავიდეს, დეპუტატი პასუხობს:

"არა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ბოკერიას გუნდი და სააკაშვილის გუნდი (გავა თუ არა), იმიტომ რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის განვითარების ფერხულში ჩართული, არც მანამდე იყვნენ, არც ახლა არიან, უბრალოდ პირობა უნდა შეასრულონ ევროპის წინაშე და ჩვენ ავიღეთ და ყველა რეფორმა განვახორციელეთ, თვითონ ერთ კომიტეტსაც არ დაესწრნენ, ეს რა შეთანხმებაა? ამიტომ არ გამოვიდა, ჩვენ ყველა რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ. უბრალოდ არ გვჭირდება მაშინ (ოპოზიცია)".

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.