ქართული ოცნების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიის გამოხატვას მთავარის არხის ჟურნალისტების მიმართ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, სადაც არცერთი მედია არ იყო მიწვეული, მთავარი არხის გამოჩენამ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

"პროვოკატორები ხართ, გაბრძანდით [...] ტერორისტული ორგანიზაციასავით ნუ იქცევით", — ასე უპასუხა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, მთავარის ჟურნალისტის კითხვებს.

ქართული ოცნების დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ მას ინტერვიუს მიცემა სურს მედია საშუალებასთან, მთავარ არხს კი სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს უწოდებს.

"ვახო სანაია და მისი მხარდამჭერების საჯარო ქცევა, ხო გაქვთ ნანახი მიშა სარჯველაძესთან?! თქვენ თუ ეხლა საჯაროდ იტყვით, რომ ეს არის ჟურნალისტიკის ეთიკის ნორმებში, აი საჯაროდ თუ ეტყვით ამ ხალხს, მაშინ მოგცემთ ინტერვიუს", — ამ ულტიმატუმით მიმართა მაჭარაშვილმა ჟურნალისტს.

მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია, თავდასხმა და ცინიკური დამოკიდებულების გამოხატვა უკვე თითქმის ყოველ დღე ხდება. ჟურნალისტებს თავს ესხმის არამხოლოდ მოქალაქეთა ნაწილი, არამედ მმართველი გუნდის წევრები, მათ შორის, მინისტრი თეა წულუკიანი.

5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მედიამ საპროტესტო აქციები დაიწყო და პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა. ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგა, ქართულმა ოცნებამ კი კრიტიკულ ტელევიზიებს ბოიკოტი გამოუცხადა და კოლეგის სიკვდილით სპეკულაციაში დაადანაშაულა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებს, რაც დაუშვებელია.