პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. უწყების განცხადებით, ჯამში ამოღებულია 5,5 კილო ნარკოტიკული საშუალება და 11 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. დანაშაული 8-20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი — 1985 წელს დაბადებული ვ.ზ., 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ი.ბ., 2001 წელს დაბადებული ე. ი. და 2000 წელს დაბადებული ნ. ნ. დააკავეს", — ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, ვ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას 5 ლიტრზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს. 2001 წელს დაბადებული ე.ი. და 2000 წელს დაბადებული ნ.ნ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ მათი პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს. მათი ავტომანქანებიდან კი ამოღებულია 4 კგ-მდე ოპიუმი და ჰეროინის შემცველი 1,6 კგ ნარკოტიკული ნივთიერება.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებულ ი.ბ.-ს, შსს-ს განცხადებით, ის დაკავშირებული იყო აპლიკაცია ტელეგრამში არსებულ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფთან და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას და ლოკაციებზე განთავებას ახდენდა. პოლიციამ ი.ბ. თბილისში დააკავა. უწყების თქმით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 4 ცალი პლასტმასის ბოთლი, რომლებშიც მოთავსებული იყო 5 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ითვალისწინებს.