ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა ატმოსფეროდან უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავს, ვიდრე ამას ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ. ამ აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს ის პროგნოზები, რაც კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია შვებით ამოვისუნთქოთ.

განახლებული დასკვნების თანახმად, ნახშირბადის დაახლოებით მესამედი, რომელიც დედამიწის "ინტერიერში" ხვდება იქ დიდი ხნით რჩება კიდევაც. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ნახშირბადი მალევე ვულაკნის ამოფრქვევით "უკან" ბრუნდებოდა.

"ჩვენ შედარებით კარგად გვაქვს შესწავლილი პლანეტის ზედაპირზე ნახშირბადი, მაგრამ გაცილებით ნაკლები ვიცით დედამიწის შიდა ნახშირბადის მარაგების შესახებ", — თქვა სტეფან ფარსანგი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერი.

არსებობს მხოლოდ ერთი გზა იმისა, რომ ნახშირბადი დედამიწის სიღრმეში შეიჭრას და ეს პლანეტის ტექტონიკური ფილებია. მკვლევრებმა ამ პროცესების შესასწავლად ტექტონიკური ფილების ქიმიური რეაქციების სიმულაცია მოახდინეს და ამისთვის ევროპული სინქროტრონული რადიაციული ობიექტის ნაწილაკების ამაჩქარებლი გამოიყენეს. მათ შეძლეს ინტენსიური წნევის და მაღალი ტემპერატურის წარმოქმნა, რითაც პროცესების მოდელირება მოხერხდა.

კვლევამ აჩვენა, რომ ნახშირბადის უმეტესობა, როგორც ჩანს, უფრო ღრმად იძირება.

"ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ეს მინერალები ძალიან სტაბილურია და მათ შეუძლიათ ატმოსფეროდან CO2 მყარ მინერალებში "ჩაკეტონ", რამაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ემისიები", — ამბობს სინგაპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (NTU) ფიზიკოსი საიმონ რედფერნი.

მეცნიერების თქმით, ამ აღმოჩენას შეუძლია ნახშირბადის კონტროლში დაგვეხმაროს. თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ბუნებრივ პროცესს დავაჩქარებთ, ეს შეიძლება იყოს კლიმატის კრიზისის გადაჭრის ერთ-ერთი გზა.

ნახშირბადს დედამიწის ზედაპირი ატმოსფეროდან მუდმივად "იჭერს", ეს ხდება ნიადაგების და ოკეანეების გამოყენებით. ხოლო მეცნიერები ეძებენ გზებს თუ როგორ შეიძლება ეს ხელოვნურად დაჩქარდეს.

ამგვარი პროცესი ბოლომდე საკმარისი არაა იმისათვის, რათა პლანეტა გლობალური დათბობისგან დავიცვათ (ემისიების გლობალური შემცირება კვლავ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ), მაგრამ ნახშირბადის ციკლის უკეთ გააზრება ატმოსფეროს, ოკეანეებსა და დედამიწის ინტერიერს შორის მნიშვნელოვანია.

მეცნიერების თქმით, ისინი მზად არიან შემდგომი კვლევების ჩასატარებლად, რათა ამ მხრივ მეტი მონაცემების შეგროვება შეძლონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.