დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმების ანულირებით სახტად დატოვა მთელი მსოფლიო და თავი მოჭრა საქართველოს.

"მეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ, გუშინ ქართულმა ოცნებამ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო და თავი მოჭრა საქართველოს. ეს არის სილა, გაწნული ევროკავშირისთვის, რაც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ გუშინ", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა ნაციონალური მოძრაობის მიერ დოკუმენტზე ხელის არმოწერაზეც. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ანულირების ერთ-ერთ მიზეზად ქართულმა ოცნებამ სწორედ ეს დაასახელა.

"ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ იმ [შარლ მიშელის] შეთანხმებით და არ აწერდა ხელს. ეს იყო გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა", — ამბობს ელისაშვილი.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ევროპული შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული.

გაიგე მეტი: