ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში სამხედრო მისიით იყვნენ, jonson&jonson-ის ვაქცინა გაუკეთეს, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ისინი ვაქცინირებულთა საერთო ბაზაში არ აღმოჩნდნენ. საუბარია მინიმუმ 101 სამხედრო მოსამსახურეზე.

როგორც On.ge-ს ერთ-ერთმა ჯარისკაცმა უთხრა, ვაქცინა გერმანულ სამხედრო ბაზაზე არსებულ სამხედრო ჰოსპიტალში გაიკეთეს და ამის შესახებ ხელმძღვანელობა არამხოლოდ ინფორმირებული იყო, არამედ ვაქცინაცია მათი გავლით დაიგეგმა.

"თავიდანვე იცოდნენ, რომ იქ ქართველები ვიცრებოდით ჯონსონით, ახლა არ გაუგიათ. სახელმწიფომ გაიგო ეს პირველად და მერე ჩვენ ჩვენმა ხელმძღვანელობამ გვითხრა. იქ მოგვცეს დროებითი საბუთები, სადაც ბეჭედი ჩაგვირტყეს. ოღონდ ეს დროებითი საბუთია და იდეაში, სამინისტროს უნდა შეეყვანა ჩვენი მონაცმეები ცენტრალურ ბაზაში, რომ მერე აქაური საბუთებიც აგვეღო, როგორც ყველა იღებს, საზღვარგარეთ წასასვლელად და ა.შ. უკვე ორ თვეზე მეტია ჩამოსულები ვართ, მაგრამ არავის არაფერი შეუყვანია, აცრილები ვართ, მაგრამ ბაზაში არ ვართ", — გვეუბნება ჯარისკაცი.

მისი თქმით, კითხვებზე პასუხი ვერსად მიიღეს — ვერც თავდაცვისა და ვერც ჯანდაცვის უწყებებში.

"ლუგარში გვითხრეს, რადგან ჯონსონი საქართველოში არ არის, ამიტომ ვერ შეგვყავსო. მაგრამ პროგრამულად რა უნდა ამის გაკეთებას, რომ ჩასვა ეს ვაქცინა? სხვა ვაქცინები როგორც ჩაამატეს, ისე უნდა ჩაამატონ ესეც. თანაც, თავიდანვე იცოდნენ, რომ იქ ქართველები ვიცრებოდით ჯონსონით, ახლა არ გაუგიათ. სახელმწიფომ გაიგო ეს პირველად, ჩვენ ჩვენმა ხელმძღვანელობამ გვითხრა", — ამბობს ჯარისკაცი.

On.ge დაუკავშირდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სადაც ჯარისკაცების რეგისტრაციაში არჩასმას მათი შვებულებით ხსნიან. უწყებაში ამბობენ, რომ ავღანეთში ჯარისკაცების ვაქცინაცია ნატოს ძალებთან კოორდინაციით მოხდა. მათივე განმარტებით, საერთაშორისო მისიებიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს ხანგრძლივი შვებულება აქვთ და რეგისტრაციისთვის არ გამოიძახეს. სამინისტროში ამბობენ, რომ მსურველებს სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი ბაზაში მიმართვის შემდეგ ჩასვამს.

"როგორც კი გამოვლენ შვებულებებიდან, მაშინვე მოხდება დარეგისტრირება. აცრილები რომ არიან, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს ყველას, პრობლემა არავის შეექმნება. თუ მანამდე დასჭირდებათ, დაარეგისტრირებენ შვებულების დამთავრდებამდე", — გვითხრეს უწყებაში.

მას შემდეგ, რაც On.ge-მ ამ თემაზე მუშაობა დაიწყო და თავდაცვისა და ჯანდაცვის უწყებებს მიმართა, სამხედრო ნაწილებში შესაბამისი ფორმები გაგზავნეს და მონაცემების შეყვანა დაიწყეს.