ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ენმ ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად მზად არის. დეკანოიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ ვერც პარტია და ვერც მისი გენერალური მდივანი, კახა კალაძე 43%-იან ზღვარს ვერ უახლოვდებიან და დამარცხებისთვის არიან განწირულები.

"სწორედ ამიტომ, ქართულმა ოცნებამ უტიფრად დაარღვია საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე და შარლ მიშელის წინაშე დადებული პირობა და 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეროვნული მომავალი, საქართველოს დემოკრატია, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ღიად და გულწრფელად, რომ ენმ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები, თუმცა, ასევე აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა მნიშვნელოვან გარემოებას, რომ დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში აქტიურად, ყოველწუთიერად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან", — განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას საერთაშორისო პარტნიორების გაკეთებული განცხადებების შემდეგ გააცნობენ.

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

გაიგე მეტი: