პარლამენტის წევრი და გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიზანი ოპოზიციის გაქცევაა საპარლამენტო დარბაზიდან, ადგილობრივი არჩევნებიდან. ამიტომ, ხვიჩიას აზრით, ახლა ნაციონალურმა მოძრაობამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი.

"ქოცებს 43%-ის შეეშინდათ. შიში სიმამაცედ რომ გამოჩენილიყო, უბრალოდ ადგნენ, და მოწმენდილ ცაზე დასავლეთს, შარლ მიშელსა და ოპოზიციას სილა გააწნეს, თუმცა, როგორც ფოლკლორული სიბრძნე გვეუბნება, ხალხი ბრძენია და შიშს სათოფეზე ცნობს. საპასუხოდ, ჯერჯერობით, გაურკვევლობაა, ხალხი ფიქრობს თუ რამ გააგიჟა ქოცები, რომლებიც აქამდე ბატონ შარლ მიშელს ეთაყვანებოდნენ.

ქოცებმა იციან, რომ სილის გაწვნის შემდეგ გაბრაზდება როგორც ოპოზიცია, ისე შარლ მიშელი, თუმცა იმედოვნებენ, რომ გაბრაზების შედეგად ოპოზიციაში რეალურ ბრძოლას არავინ დაიწყებს და უბრალოდ გაიქცევიან — ეს არის მათი მიზანიც, ოპოზიციის გაქცევა საპარლამენტო დარბაზიდან, ადგილობრივი არჩევნებიდან და ასე უსასრულოდ", — წერს ხვიჩია Facebook-ზე.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ იცის, რომ როცა ოპოზიცია ბრაზდება და ბოიკოტირებს, თავად იგებენ — ზოგადად, მოწინააღმდეგის არ გამოცხადება გაწყობს, როცა საკუთარ უპირატესობაში ეჭვი გეპარება. ამიტომ, მისი აზრით, ოპოზიციამ ეს მორალური უპირატესობა უნდა გამოიყენოს და შეტევას შეტევითვე უპასუხოს.

"უფრო მეტიც, ახლა ნაცებმა და კამპანიამაც უნდა მოაწერონ ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს და ოპოზიცია სრული შემადგენლობით შემოვიდეს საბრძოლველად პარლამენტში. ამით ოპოზიცია ხდება პრო ევროპული, შეთანხმების ერთგული და შეუძლია ხელისუფლების ამ ველიდან ჩაჩოჩება. დიდი ალბათობით, ამ პროცესს მედიატორ-ფასილიტატორების მხარდაჭერაც ექნება", — წერს იაგო ხვიჩია.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, თუ ოპოზიცია ასეთი უპირატესობით მივა შემოდგომამდე და სექტემბერში ყოველ დღე პარლამენტში ყველა კანონის განხილვაზე 50 კაციანი "შტურმი" მოეწყობა, ყველა კომიტეტსა თუ კომისიაში ან საპარლამენტო სესიაზე, შეუძლებელია ადამიანებმა ეს არ დააფასონ.

"ასე უნდა დაისაჯოს "ოცნება" და არა გაქცევითა და მათთვის განსაკუთრებული კომფორტის მოწყობით, არჩევნებამდე თუ მას შემდეგ.
მაგრამ ოპოზიციის ამაში დარწმუნება მარტივი ამბავი არ იქნება, მითუმეტეს, თუ ჩვენი შეთქმულების თეორია მართალია და მიშას ბიძინა უხდის ფულს", — წერს დეპუტატი.

ქართულმა ოცნებამ დღეს, 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

გაიგე მეტი: