ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურმა ჰოსპიტალმა სამსახურიდან გაათავისუფლა მედძმა, რომელიც სოციალურ ქსელში ანტივაქსერული ვიდეომიმართვა გაავრცელა. კლინიკაში აცხადებენ, რომ უმცროსი მედპერსონალის ვიდეომიმართვას მკაცრად ემიჯნებიან. მათივე თქმით, აღნიშნული განცხადება არის არაპროფესიონალური, რადგან მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციები პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ვაქცინაციას აღიარებენ და ამაზე არა ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ჩატარებული.

"ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, კლინიკის სახელით გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომელიც რთულ გლობალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ვაქცინაციის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე, მიუღებელია ფაქტი, როდესაც ვიდეომიმართვაში კლინიკის თანამშრომელი აკნინებს სამედიცინო პერსონალის იმ უმრავლეს ნაწილს, რომელიც ვაქცინაციის პროცესს პანდემიის დამარცხების ერთადერთ გზად მიიჩნევს", — ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

სამედიცინო დაწესებულება, ასევე, აღნიშნავს, რომ მათი ჰოსპიტალი პანდემიის პირველივე ტალღიდან ჩაერთო კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მართვაში, სადაც გლობალური ვირუსის პირისპირ აღმოჩენილი მედპერსონალი წელიწადზე მეტია, 24-საათიან რეჟიმში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

"ჰოსპიტლის ადმინისტრაცია გმობს და ემიჯნება მსგავსი ტიპის განცხადებას, მიუღებელად მიაჩნია თანამშრომლობა პირთან, რომლის განცხადებაც რთულ პერიოდში მყოფი სამედიცინო კოლეგების დაკნინებისკენაა მიმართული და, ამავდროულად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას შეიცავს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე თქმით, აცნობიერებენ სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და მიიჩნევენ, რომ ვაქცინაციისადმი მოსახლეობაში სანდოობას სწორედ მედპერსონალი ამაღლებს.