პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნებზე, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის გარდა, სხვების მონაწილეობა, რათა საბოლოოდ გაირღვეს პოლარიზება.

"თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება უკვე ნებისმიერი შეთანხმების ფორმატის შენარჩუნებაზე უფრო მნიშვნელოვანია. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ორი პარტიის გარდა, სხვების მონაწილეობა, რადგან როგორმე საბოლოოდ უნდა გავარღვიოთ ეს პოლარიზება, რაც სინამდვილეში ქვეყნის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს", — წერს ელისაშვილი ფეისბუქგვერდზე.

მისივე თქმით, ქართული ოცნების მხრიდან ამდენი ხნის წვალების შემდეგ მიღწეული შეთანხმების ანულირება უპასუხისმგებლობაა საერთაშორისო საზოგადოების და ყველა იმ პარტიის წინაშე, რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა.

"მიუხედავად იმისა რომ პარტია მოქალაქეები პარლამენტში შემოვედით 29 იანვრის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის, დიდ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია ქართული ოცნების მხრიდან ამდენი ხნის წვალების შემდეგ მიღწეული შეთანხმების ანულირება. ეს არის უპასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების და ყველა იმ პარტიის წინაშე, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და მონაწილეობენ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებაში. ასევე, დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, სიდიდით მეორე პოლიტიკურმა პარტიამ ნაციონალურმა მოძრაობამ რომელმაც უარი განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, რითაც ხელი შეუწყო მმართველ პარტიას ცალმხრივად უარი ეთქვა ნაკისრ ვალდებულებებზე. ფაქტია, რომ როგორც ქართული ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობა არ ეძებს გზებს პოლარიზების შესამცირებლად, რის გამოც ჩვენზე, სხვა პოლიტიკურ პარტიებზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტია", — ამბობს ელისაშვილი.

რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, ბრალი კი ტრადიციულად ოპოზიციას დასდო. შესაბამისად, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაში ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის. შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.